იტალია სინთეზურ საკვებ პროდუქტებს აკრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრ ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ განაცხადა, რასაც Euractiv ავრცელებს.
პარლამენტის ქვედა პალატა მიმდინარე კვირას უკვე იხილავს კანონპროექტს, რომელიც ლაბორატორიებში გამოყვანილი საკვების წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას კრძალავს.
„იტალია იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც სინთეზური საკვებისგან გათავისუფლდება. ქვეყანას მაგალითის მიცემა სურს, თუ როგორ შეიძლება ამის რეგულირება. საკვები პროდუქტების ხარისხი ფუნდამენტურია და ჩვენ ვერ მივიღებთ დაყოფილ საზოგადოებას, სადაც ხარისხიანი საკვები მხოლოდ მდიდარი ელიტისთვის იწარმოება. მიგვაჩნია, რომ კარგი კვება ყველას უნდა შეეძლოს,“ - აცხადებს ლოლობრიჯიდა.
იტალიის პოზიციას ევროკომისარი სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკი ემხრობა და აცხადებს, რომ ევროკომისია ცხოველთა კეთილდღეობისა და, ზოგადად, ტრადიციული სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 6 მლრდ ევროს გამოყოფს.
„სინთეზური ხორცი არ არის ხორცი, სინთეზური რძე არ არის რძე. მე ვიცავ ნატურალურ პროდუქტს და ნატურალური პროდუქტის სახელის სინთეტიკისთვის გამოყენება, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი არ იქნება,” - ამბობს ევროკომისარი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ