დიდი ბრიტანეთის მთავრობას, მთლიანობაში, 127-მა ადგილობრივმა კომპანიამ ნებაყოფლობით შეატყობინა, რომ ანტირუსულ სანქციებს არღვევდა. ამის შესახებ ბრიტანულმა კომპანიებმა ფინანსთა სამინისტროს ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში აცნობეს. ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.
ფინანსურ დანაშაულებებზე მომუშავე იურიდიული ფირმა Pinsent Masons-ის პარტნიორმა, სტეისი კინმა გამოცემასთან განმარტა, რომ დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება და გამომძიებლებთან თანამშრომლობა შესაძლოა, კომპანიებს სანქციების დარღვევისთვის სასჯელის შემსუბუქებაში დაეხმაროს. ეს სასჯელი შესაძლოა, შეუზღუდავი ჯარიმის შესახებ გამაფრთხილებელი წერილიდან სისხლისსამართლებრივ დევნამდე ვარირებდეს.
სტეისი კინის თქმით, სანქციების მასშტაბები ბრიტანული ბიზნესისთვის დიდ გამოცდად იქცა. სანქციების დარღვევას იწვევს როგორც დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ეკონომიკური კავშირების მასშტაბი, ისე საბოლოო ბენეფიციართა გამჭვირვალობის ნაკლებობა, რომლებიც ხშირად ფორმალური კომპანიების უკან იმალებიან. FT ერთ-ერთ მაგალითად სანქცირებული რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის მიერ 2022 წელს საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვას ასახელებს.
დარღვევების მონიტორინგს გაერთიანებული სამეფოს ხაზინის ფინანსური სანქციების აღსრულების ოფისი (OFSI) ეწევა. OFSI-სთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ სააგენტოს „არ სურს, პატიოსანი შეცდომების გამო ვინმე ზედმეტად დასაჯოს“ და დარღვევების შეფასებისას კომპანიების ძალისხმევას შემამსუბუქებელ ფაქტორებად ითვალისწინებს.
2022 წლის თებერვლიდან დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ქვეშ რუსეთიდან 1600-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია მოაქცია. ამასთან, სანქციების პაკეტის ფარგლებში, 20-ზე მეტ რუსულ ბანკთან და 100 ოლიგარქთან ბრიტანული კომპანიების თანამშრომლობაზე მორატორიუმი დაწესდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ