გერმანიის მთავრობა მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად 18 მლრდ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა თავის რეგიონებს (მიწებს) ქვეყანაში მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად 18 მლრდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა Mannheimer Morgen-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ წელს მთავრობა ფედერალურ მიწებსა და მუნიციპალიტეტებს, თითქმის, 18 მლრდ ევროს დახმარებას გამოუყოფს, რომ ისინი მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ.

„დღეს მეტად ბევრი ადამიანი გერმანიაში არალეგალურად შემოდის. ჩვენ გვსურს, დავაჩქაროთ პროცედურა, რომ თავშესაფრის მინიჭებისა და სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის განხილვა, როგორც წესი, ექვს თვეში სრულდებოდეს. განაცხადების მიღება და მოსმენა პირველად მიმღებ ცენტრში უნდა ხდებოდეს,“ - აცხადებს კანცლერი.

შოლცმა, ასევე, დააანონსა გერმანიის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერება შვეიცარიასთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან და პოლონეთთან, ასევე, პირობა დადო, რომ, მთლიანობაში, ევროკავშირის საგარეო საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდება.

ამასთან, გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ის კვალიფიციური მუშახელის მიზანმიმართული იმიგრაციის მომხრეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ