უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ფეიერვერკების, სალუტებისა და პეტარდების (ასაფეთქებლების) უმეტესობის გამოყენებასა და გავრცელებას კრძალავს. კანონი 6 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა, ევგენია კრავჩუკმა facebook-გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, ამიერიდან უკრაინაში F2, F3, F4-კლასის ფეიერვერკის ნებისმიერი საშუალებით გამოყენება, გაყიდვა და გადაცემა, ასევე, 16 წლამდე ასაკის პირებზე F1-კლასის ფეიერვერკების გაყიდვა-გადაცემა იკრძალება. თუმცა F1-კლასის ფეიერვერკი, რომელიც ყველაზე წყნარი და უსაფრთხოა, სრულწლოვნებისთვის არ იკრძალება.
„ქვეყანა კიდევ ერთი დაბომბვის ღამის შემდეგ იღვიძებს. ომის 621-ე დღეა და ნამდვილად არ არის და კიდევ დიდხანს არ იქნება პედარტებისა და ფეიერვერკების დრო,“ - წერს დეპუტატი.
ჯერ უცნობია, ნაწილობრივ მაინც თუ მოიხსნება ეს აკრძალვა საშობაო და საახალწლო დღესასწაულების დროს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ