პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამურმა ოდენობამ 124 მლნ ლარი შეადგინა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს მიღება გამოცხადდა 17 000-ზე მეტ ადგილზე და ჩაირიცხა 13 000-ზე მეტი სტუდენტი. მისივე თქმით, ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 450-ზე მეტი პროგრამა. ნოდარ პაპუკაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლებაში ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მომხსენებელმა პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრის ინიციატივით, კერძო სექტორისთვის შეთავაზებული პრიორიტეტული სექტორებია: ჯანდაცვა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ პროფესიული განათლების მიმართულებით, ეს არის პროფესიული განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირება. ანუ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პროფესიული განათლების კომპონენტის შემოტანა“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საბაზო საფეხურზე პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე.
მინისტრის მოადგილემ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორის სტანდარტზე და ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც ისაუბრა.
უმაღლესი განათლების მიმართულებაზე საუბრისას ნოდარ პაპუკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტების მხარდამჭერ ფინანსურ და სოციალურ პროგრამებზე. მისი თქმით, გაიზარდა როგორც წარჩინებულ სტუდენტთათვის სახელმწიფო სტიპენდიის, ასევე სახელმწიფო სტიპენდიის ბენეფიციართა რაოდენობა.
მომხსენებელმა ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის დავალიანების სრულად განულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 30 000-მდე სტუდენტს გაუნულდა დავალიანება და ჯამში ამ თანხამ 40 მლნ ლარამდე შეადგინა. ნოდარ პაპუკაშვილმა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
„სტუდენტი პრიორიტეტული პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება პროგრამით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
მან უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის საკითხიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საქართველო ესპანეთის სამეფოსთან ერთად ბოლონიის პროცესის თანათავმჯდომარე ქვეყანაა.
სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტი ქვეყნის მასშტაბით, კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს.
„გვაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელს საშუალოდ 5 000 ახალგაზრდა მივიღოთ საჯარო სექტორში სტაჟირებაზე. აღნიშნული, ახალი კადრების მოზიდვისა და მათი დახელოვნებისთვის, ასევე საჯარო სექტორში ახალი სიცოცხლის შემოტანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გივი მიქანაძე.
კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროს აქვს პოტენციალი და გამოცდილება სექტორში არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.