„ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში გამოიკვეთა დიაგნოსტიკის პროცედურებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა თემატური მოკვლევის - „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ - ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა.

„ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა უდავოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს ახლა, როდესაც სახელმწიფო ამ სფეროში ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს. დანახარჯები რომ სწორი და ადეკვატური იყოს, საჭიროა ძირფესვიანად შევისწავლოთ სფეროში არსებული ვითარება და დავინახოთ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ამასთანავე შევთანხმდეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ პირველ ეტაპზე, რომ სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამ თემატური მოკვლევის მთავარი მიზანიც ეს არის - იმ პრობლემების გამოკვეთა, რომლებიც ონკოპაციენტებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე აქვთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, თემატური მოკვლევა გამიზნულია იმისათვის, რომ პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად მოხდეს კიბოს მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის შევსება, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს როგორც ნაადრევი დიაგნოსტიკის ჩატარების, ასევე მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას მისცემს.

თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც თემატური მოკვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განახორციელეს და რომელშიც კლინიკების და სხვადასხვა ონკოლოგიური ასოციაციების, აღმასრულებელი სტრუქტურების, მათ შორის თბილისის მერიის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე უშუალოდ პაციენტები მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა დიაგნოსტიკის პროცედურებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა, ასევე ქვეყნის შიდა მკურნალობის სტანდარტების და პროტოკოლების უქონლობა და სხვა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კვლევებთან დაკავშირებით, ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან, ექიმ-ონკოლოგებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

მორიგი ზეპირი მოსმენა კი დაგეგმილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სხვა აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგნელებთან.

თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოოდ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

თაია არდოტელი