„დიდი შვიდეული“ - მხარს ვუჭერთ ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზებსა და დერეფნებს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ჰუმანიტარულ პაუზებსა და დერეფნებს ისრაელ-ჰამასის ომში.

„ხაზს ვუსვამთ სასწრაფო ქმედების აუცილებლობას ღაზაში გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზებსა და დერეფნებს გადაუდებელი დახმარების მიწოდებისა და მძევლების გათავისუფლების ხელშესაწყობის მიზნით“, - აღნიშნულია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც იაპონიაში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრები ხაზს უსვამენ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რადგან ის ცდილობს თავიდან აიცილოს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის განმეორება.

„მოვუწოდებთ ირანს, თავი შეიკავოს „ჰამასის“ მხარდაჭერისგან და იმ ქმედებების განხორციელებისგან, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენენ, მათ შორის ლიბანური „ჰეზბოლას“ და სხვა არასახელმწიფო აქტორების მხარდაჭერა და ამ ჯგუფებზე თავისი ზეგავლენის გამოყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.