ოქტომბრის დასაწყისიდან აფხაზეთიდან რუსეთში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,4-ჯერ მეტი მანდარინი გავიდა. თუმცა წლევანდელი სეზონი, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებად პროდუქტიულად ითვლება. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს.
დე ფაქტო დეპარტამენტის უფროსის, ასიდა კვიცინიას მონაცემებით, „ციტრუსის წლევანდელი სეზონის დაწყებიდან აფხაზეთიდან რუსეთში უკვე 1908 ტონა მანდარინი არის ექსპორტირებული, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოცულობა 786 ტონას შეადგენდა.”
სეზონის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს აფხაზეთში მანდარინის პროგნოზირებული მოსავალი ხარისხით უკეთესი, თუმცა შარშანდელთან შედარებით 20 ათასი ტონით ნაკლები იქნება. ამის მიუხედავად, ციტრუსის მსხვილი და საშუალო ადგილობრივი მეურნეობები წელს 30 ათას ტონამდე მოსავალს მოელიან.
კვიცინიას ცნობით, მანდარინი აფხაზეთში სექტემბრის ბოლოს მწიფდება, ხოლო ოქტომბრიდან მარტამდე რუსეთში გადის. თუმცა სეზონის პიკი დეკემბერშია, რადგან ექსპორტიორები ცდილობენ, მოსავლის ძირითადი ნაწილი საახალწლო დღესასწაულების დროს გაიტანონ. ხშირად ამის გამო მძიმე სატვირთო მანქანები რუსეთთან ე.წ. საზღვარზე რიგში საათობით ან თუნდაც დღეების განმავლობაში უმოძრაოდ დგანან.
2022 წელს რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან, დაახლოებით, 40 ათასი ტონა მანდარინი გავიდა.
კვიცინია აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს აფხაზეთიდან რუსეთში, ასევე, მეტი მოცულობის ფეიხოა, ხურმა და ლიმონი გავიდა. კერძოდ, ფეიხოას ექსპორტირებული მოცულობა 33 ტონით მეტს, ანუ 439 ტონას შეადგენს, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 406 ტონა იყო. თითქმის გაორმაგდა ხურმის ექსპორტი, რომელმაც წელს, შარშანდელ 36 ტონასთან შედარებით, 68 ტონა შეადგინა, ხოლო ლიმნის წლევანდელი ექსპორტი, ასევე, მინიმუმ, 30 ათასი ტონით გაიზარდა: თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აფხაზეთიდან რუსეთში 68 ტონა ლიმონი გავიდა, წლევანდელი მოცულობა უკვე 99 ტონას შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ