სტამბოლის წყალსაცავები 1 სექტემბრის მდგომარეობით 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე იყო სავსე. ამის შესახებ ქალაქის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამმართველოს ანგარიშში წერია.
უწყების ცნობით, წყლის მარაგის ამჟამინდელი დონე 28,97%-ია, რაც სტამბოლის 10 მთავარი წყალსაცავის შევსებადობის საშუალო მაჩვენებელია, ხოლო ზოგიერთ წყალსაცავში დონე 10%-მდეც კი დაეცა. აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მარაგის კლებამ, დაახლოებით, 3.5% შეადგინა, რაც სიცხემ და არასაკმარისმა ნალექმა გამოიწვია.
ბოლოს ასეთი კრიტიკული ვითარება 2014 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, როცა რეზერვუარების შევსების საშუალო დონე 16%-მდე დაეცა.
ხელისუფლება მოსახლეობას ქალაქში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო წყლის მაქსიმალური დაზოგვისკენ მოუწოდებს, კერძოდ, არ გარეცხონ მანქანები და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის ნაკლები წყალი გამოიყენონ. სტამბოლის 15 ათას მომხმარებელს 20 აგვისტოდან ბაღებისა და გაზონების მოსარწყავი წყალი დროებით არ მიეწოდება. ქალაქში წყლის საშუალო დღიური მოხმარება 3,5 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, თითქმის, 800 ათას კუბურ მეტრ წყალს აბონენტები დღეში ლანდშაფტურ მორწყვაზე ხარჯავდნენ.
სტამბოლის წყალსაცავებში მარაგის ნორმა 868,7 მლნ კუბური მეტრია, რაც ამჟამად, დაახლოებით, 250 მილიონ კუბურ მეტრამდე არის შემცირებული. ხელისუფლება ვითარებას კრიტიკულს უწოდებს. ექსპერტები ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, გაიზრდება თუ არა საცავებში წყლის დონე შემოდგომის წვიმების შედეგად.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ