ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქართველებს შორის ყველაზე დიდი ევროპელის დაბადების დღეს ევროპამ ხელი ჩასჭიდა საქართველოს, რაც ნამდვილად დიდი ისტორიული მოვლენაა

ქართველებს შორის ყველაზე დიდი ევროპელის დაბადების დღეს ევროპამ ხელი ჩასჭიდა საქართველოს, რაც ნამდვილად დიდი ისტორიული მოვლენაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის რეფორმა, რაც ევროკავშირმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჩამოთვალა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის სიკეთეები, რასაც ევროკავშირი იძლევა, ქართველ ხალხზე გავრცელდეს.

“ქართველებს შორის ყველაზე დიდი ევროპელის დაბადების დღეს ევროპამ ხელი ჩასჭიდა საქართველოს, რაც ნამდვილად დიდი ისტორიული მოვლენაა. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არის მხოლოდ პირველი ნაწილი და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ვიცოდეთ, რომ დეკემბერში გველოდება. ასევე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რეფორმები ყველა იმ მიმართულებით, რაც ჩამოთვალა ევროკავშირმა და შემდგომ უკვე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის სიკეთე, რასაც ევროკავშირი იძლევა, საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდეს. ბრიუსელში უამრავი ფონდია, რომელიც ელოდება იმას, რომ ქართველმა ხალხმა ისარგებლოს და გაიუმჯობესოს ცხოვრება, მაგრამ ამას სჭირდება რეფორმები. ამას სჭირდება დეპოლარიზაცია და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება ქვეყანაში, რაც, ბუნებრივია, ვერ განხორციელდება თუ არ დასრულდება პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.