საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტური რეფორმა, რათა უზრუნველყოს ყველა სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტის ეფექტური დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმირებით, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას ეხება.
“მიღებულ უნდა იქნას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გენერალური პროკურორის დანიშვნის შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები აირჩიეს. პარლამენტმა 2023 წლის ივნისში მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და შეიმუშავა დამატებითი ცვლილებები 2023 წლის სექტემბერში, ვენეციის კომისიის ზოგიერთი ძირითადი რეკომენდაციის გათვალისწინებით. ივნისის ცვლილებები ეხებოდა ერთ ძირითად რეკომენდაციას - მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურას და რამდენიმე დამატებით საკითხს.
“ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თუ სექტემბრის ცვლილებების პროექტი მიიღება, კიდევ ერთი ძირითადი რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდება - კერძოდ, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. შესწორებები არ ეხებოდა ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის ძირითად რეკომენდაციებს, რაც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას და უზენაეს სასამართლოს. კერძოდ, ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას და უფლებამოსილებებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მანდატს, მოსამართლეთა თანხმობის გარეშე გადაყვანას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გასაჩივრების ეფექტურ უფლებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.