ურსულა ფონ დერ ლაიენი -  ბევრი რთული რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ ტრაექტორია ცალსახაა და მომენტი უნდა გამოვიყენოთ

ჩვენ ვიცით, რომ [უკრაინა, მოლდოვა და საქართველო] ეს ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილები. ჩვენ გვსურს, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ევროკავშირის წევრები. ბევრი რთული რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ ტრაექტორია ცალსახაა და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უზარმაზარი ნაბიჯია.

„ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ქვეყანას. ხშირად, როდესაც ვანიჭებთ ან ვუწევთ რეკომენდაციას ან სტატუსის მინიჭებას, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი და ეს არის დეტალურად გაწერილი ანგარიშის რეკომენდაციებში. ეს ნამდვილად არის საქართველოსთვის უზარმაზარი ნაბიჯი. ეს, ასევე, ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. რაც შეეხება გაფართოებას, ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო, რეგიონში არაერთ ცვლილებას იწვევს. ცალსახაა, რომ ჩვენმა სამეზობლომ უნდა აარჩიოს სამომავლო განვითარების მიმართულება. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ეს ყველაფერი უკვე ნათლად აქვთ არჩეული. მათ სურთ, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ამ ქვეყნებისთვის მიგვეცა შესაბამისი შესაძლებლობა. თუ თქვენ ჩახედავთ ანგარიშს, ნახავთ, რომ რეფორმების შედეგად რა პროგრესიც იქნა მიღწეული, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ძალისხმევას, რომელიც დგას ხალხის ნებისა და პოლიტიკური ძალისხმევის უკან, რომ ეს ქვეყნები იქცნენ ევროკავშირის წევრებად. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილები. ჩვენ გვსურს, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ევროკავშირის წევრები. ძალიან ბევრი რამაა ჯერ კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ მიმართულება ცალსახაა. მე ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ჩვენგანს, რომ გამოვიყენოთ ეს მომენტი, იმისთვის, რომ დავასრულოთ მიმდინარე პროცესი. რა თქმა უნდა, ბევრი რთული რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ ტრაექტორია ცალსახაა და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.