სებ-ი რეგიონში პირველია, ვინც SEPA-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა - ნათია თურნავა

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ეროვნულმა ბანკმა წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და რეგიონში პირველი გახდა, ვინც ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანების განაცხადი წარადგინა, - განაცხადა ნათია თურნავამ ბანკირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს ცენტრალური ბანკის ეს ამბიციური განაცხადი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს საფინანსო სისტემის და საქართველოს მოსახლეობის მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან და ევროპის საფინანსო სისტემასთან.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად 2022 წლის 20 სექტემბერს წარადგინა.

SEPA პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა. ის აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის. ერთიანი ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანება მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით, ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.