პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად იმედი მაქვს, რომ 9 ნაბიჯის იმპლემენტაცია ხვალიდან დაიწყება

ევროკომისიის 9 ნაბიჯი კონკრეტულად და სპეციალურად საქართველოს ამჟამინდელ სიტუაციას იქნა მორგებული, ესენია საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“გაფართოება ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებზეა დაფუძნებული. ეს ძალიან ფართო სივრცეა, რომელიც ევროკავშირი მომავალი წევრი სახელმწიფოებისგან მკაცრად გაყოლას ელის.

12 პრიორიტეტი კოპენჰაგენის კრიტერიუმების ინტერპრეტაცია იყო საქართველოს ძალიან სპეციფიკურ შემთხვევაში. ახლა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციით, ევროკომისიამ ასევე 9 ნაბიჯისგან შემდგარი პაკეტი შეიმუშავა. ეს ნაბიჯები კონკრეტულად და სპეციალურად საქართველოს ამჟამინდელ სიტუაციას იქნა მორგებული. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ყველას ყველა კითხვას ვუპასუხოთ ამ 9 ნაბიჯზე.

ჩემი ხედვით, ისინი ძალიან ნათელია, თავისთავად გასაგებია და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ამ 9 ნაბიჯის იმპლემენტაცია ხვალიდან დაიწყება, რათა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც 5 კვირაში შეხვედრას გამართავენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, უკვე შეძლონ დაინახონ პროგრესი, რომელიც ამ 5 კვირაში იქნა მიღწეული.

როგორც უკვე ვთქვი, ამ 9 ნაბიჯიდან ზოგიერთი 12 პრიორიტეტიდან გამომდინარეობს, ზოგიერთი ახალია. ესენია ევროკომისიის აზრით საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები და აქ გვსურს პროგრესის ნახვა. არა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, არამედ საქართველოს გასაძლიერებლად, გასაუმჯობესებლად”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.