ნავთობისა და გაზის რამდენი საბურღი პლატფორმა მუშაობს მსოფლიოში - Baker Hughes-ის კვლევა

მსოფლიოში ნავთობისა და გაზის აქტიური საბურღი პლატფორმების რაოდენობა ბოლო სამი თვის მანძილზე ოქტომბერში პირველად გაიზარდა. მონაცემებს ამერიკული ნავთობმომსახურების კომპანია, Baker Hughes ავრცელებს.

გასულ თვეში მსოფლიოში, საშუალოდ, 1,777 პლატფორმა მუშაობდა, მაშინ, როცა სექტემბერში მათი რაოდენობა 1,760-ს შეადგენდა. თუმცა წლევანდელი ოქტომბრის მაჩვენებელი 2022 წლის იმავე თვის მაჩვენებელს 116 ერთეულით ჩამორჩება.

მაგალითად, აშშ-ში ოქტომბერში საბურღი პლატფორმების რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 9-ით შემცირდა და 623 ერთეული შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრის შემდეგ მინიმალური რაოდენობაა. კანადაში მათი რიცხვი 4-ით, ანუ 192-მდე გაიზარდა. ამდენად, მსოფლიოს საბურღი პლატფორმების რაოდენობაში ჩრდილოეთ ამერიკის წილი ოქტომბერში 45,9%-ს, სექტემბერში 46,6%-ს, ხოლო ერთი წლის წინ 51,9%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა კონტინენტებს, ევროპაში საბურღი პლატფორმების რაოდენობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 7-ით, 122-მდე, აფრიკაში 6-ით, ანუ 111-მდე, ხოლო ახლო აღმოსავლეთში 10-ით, 337 ერთეულამდე გაიზარდა. ლათინურ ამერიკაში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა, სადაც კვლავ 175 პლატფორმა მუშაობს, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, რაოდენობა 1-ით, 217-მდე შემცირდა.

Baker Hughes აქტიური საბურღი პლატფორმების შესახებ მონაცემებს 1944 წლიდან აქვეყნებს. თავდაპირველად კომპანია მონაცემებს მხოლოდ აშშ-სა და კანადაში აგროვებდა, ხოლო 1975 წლიდან მთელ მსოფლიოზე გადაერთო. 2019 წლის ივნისიდან კომპანიას თავის გათვლებში უკრაინის საბურღი პლატფორმებიც შეჰყავს, თუმცა ომის გამო წინა პერიოდის საერთო ევროპული მონაცემები არ გადაუანგარიშებია.

მოქმედი საბურღი პლატფორმების რაოდენობაში ისტორიული მაქსიმუმი, ანუ 5624 ერთეული 1981 წელს, ხოლო მინიმალური რაოდენობა, 1,352 პლატფორმა 2020 წელს დაფიქსირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ