ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან მაღალ დონეზეა.
როგორც ჩაკრაბარტიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა Doing Business-ის მონაცემებით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ფაქტორი. "რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს და კლიმატს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან, ის მოქმედებები, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, სახელმწიფომ უნდა გადადგას არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც უნდა განაპირობოს ინვესტიციების ზრდა და ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს EBRD-სა და საქართველოს მთავრობას შორის და ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ პირდაპირი ფოკუსი იქნება გაკეთებული კერძო სექტორის განვითარებასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე.