საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებით მომავალ 3 წელში ბიუჯეტი 60 მლნ-ს დაზოგავს - რომან გოცირიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებით მომავალ 3 წელში ბიუჯეტი 60 მლნ-ს დაზოგავს - ამის შესახებ პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" განაცხადა.

კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში განიხილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდა ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროპორციულად აღარ მოხდება.

გოცირიძის თქმით, ეს მისი კანონპროექტის პირდაპირი კოპირებაა, რომელიც გასულ კვირაში პარლამენტმა ჩააგდო.

"ჩემი ერთ-ერთი კანონპროექტი ერთი კვირის წინ ჩააგდეს საკომიტეტო მოსმენაზე და ხვალ, მისი ზუსტი ასლი გამოაქვს ოცნებას, საკუთარი ინიცირებული. საქმე ეხება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსების წესში ცვლილებას. მშპ-ს აღარ მიებმება ტელევიზიის დაფინანსება. როგორც იქნა, ეს მოხდება. ჩემი ჯერ კიდევ ქუთაისის პარლამენტში დაწყებული ბრძოლა დასრულდება და ამის გამო ძალიან გახარებული ვარ. ბიუჯეტი კი, ამით მხოლოდ მომავალ 3 წელში 60 მლნ ლარს დაზოგავს, რომელიც მოსახლეობას მოხმარდება. არ მწყინს, რომ ეს გამოდის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის, მათ შორის ოპოზიციონერი წევრების ინიცირებით. მიჩუქნია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ" - განაცხადა გოცირიძემ გადაცემაში ,,საქმე".

ცნობისთვის, არსებული წესი ძალაში დარჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროგნოზო დაფინანსდება 2024 წელს 110.3 მლნ უნდა ყოფილიყო, 2025 წელს 119.5 მლნ, 2026 წელს 129.2 მლნ ლარი, 2027 წელს კი, 129.8 მლნ ლარი.

თამარ მუკბანიანი