მეტი მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში და წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე - რას გვაძლევს კანდიდატის სტატუსი

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ აქვე, ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე, დიდი გზა გვაქვს გასავლელი. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ამით საბოლოო მიზნამდე მივედით. ასევე მნიშვნელოვანია ის დათქმები, რომელიც ჩაგვიდეს შესასრულებლად“,- ამის შესახებ ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ბევრი ბენეფიტის, მათ შორის, ფინანსური დახმარებების მომტანია, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანა რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიაღწევს.

„წელიწადი და 7 თვე გავიდა, მაგრამ ამ პერიოდში ის 12 რეკომენდაცია ვერ შევასრულეთ სრულად. ამას დაემატა კიდევ ახალი თემები, როგორიც არის, უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას ანტიევროპული, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ, ან მეტად გაკონტროლდეს, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უზრუნველვყოთ... უკვე დაასახელეს, ეროვნული ბანკიც მოხვდა, ასევე, მარეგულირებელი ორგანო და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად ვერ გამოვიყენეთ ეს პერიოდი, რომ არა მხოლოდ ეს 12 რეკომენდაცია შეგვესრულებინა, არამედ, ასევე რაღაცნაირად მოგვესწრო და უკრაინა/მოლდოვასთან ერთად მოგვეთხოვა, რეკომენდაცია ყოფილიყო, რომ მოლაპარაკებები ჩვენს მიმართაც გახსნილიყო. თუმცა, ახლა ამ ეტაპზე ვართ და რეალობა ესაა.

რაც შეეხება თვითონ კანდიდატის სტატუსი რას გვაძლევს, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული საზოგადოებისთვის ეს გზავნილი ყოფილიყო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ფართო საზოგადოების მისწრაფებას. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ის, რომ გაიზრდება მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, მოხდება მეტი მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში და ასევე, წვდომა გაიზრდება ფინანსურ ინსტრუმენტებზე.

სტატუსთან გარკვეული ფინანსური სარგებელი დაკავშირებულია, მაგრამ დეტალებში რომ არ ჩავიდე, ეს წვდომა და ფინანსური დახმარების მიღება რომ მოხდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია, 12 რეკომენდაციაში რაც არის და ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, ამის შესრულება. აქ საუბარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, დაცული უნდა იყოს მედია გარემო და ა.შ. ანუ ეს სარგებელი მიბმულია ამ ქვეყნების მხრიდან განხორციელებული რეფორმების პროგრესზე. როდესაც დეკემბერში მოხდება სახელმწიფო მეთაურების შეკრება, სადაც უკვე ოფიციალურად განიხილება, რომ ევროკომისიის რეკომენდაციით, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს, ასევე საუბარი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტის გადანაწილებაზე. აქ უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ უკრაინას დახმარება სჭირდება, ამიტომ, როგორ გადანაწილდება ეს ქვეყნებზე და რა ფინანსური რესურსის მობილიზება მოხდება... აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ფინანსური სარგებელი მიბმული იქნება და იმ პროგრესზე დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად განახორციელებენ ეს ქვეყნები იმ საჭირო რეფორმებს, რომელიც დააახლოებს მათ ევროკავშირთან.

ეს ფინანსური დახმარებები განკუთვნილია იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახდინოს ინსტიტუციური რეფორმები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, შესაბამისი მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია ამ საერთო ბაზართან, გზა გაუხსნას მეტ ევროპულ ინვესტიციას და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი პროცესი, მაგრამ ამის წინა პირობა არის ის, რომ ჩვენთან იყოს შესაბამისი გარემო, ასევე თვითონ კერძო სექტორში მზად იყვნენ კომპანიები, რომ ამ სტანდარტით შეძლონ აწარმოონ და ევროპულ საერთო ბაზარზე მოხდეს პროდუქციის გატანა“,- განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ნინი ქეთელაური