სუმა ჩაკრაბარტი: საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით

EBRD-ის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით და ამ რესურსებს სჭირდება როგორც ადგილზე მოვლა, ასევე მისი ექსპორტირება.

ამის შესახებ ჩაკრაბარტიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სერ სუმა ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში ფართო საფუძვლიანი პროგრამები აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. "საქართველოში ჩვენ ფართო საფუძვლიანი პროგრამები გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დავინახეთ. ჩვენ დაახლოებით 30-მდე პროექტი გვაქვს, რომლებიც 5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულებისაა. ასევე დაგეგმილია საკმაოდ დიდი ზრდა. ყურადღების ცენტრში არის ენერგეტიკა, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურები. საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით და ამ რესურსებს სჭირდება როგორც ადგილზე მოვლა, ასევე მისი ექსპორტირება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, აუცილებელია საბანკო სექტორის ჩართვა. "ჩვენ გვყავს ჩვენი პარტნიორი ბანკები საქართველოდან. მე ვფიქრობ, რომ ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და ისინი უკვე არიან ლონდონის საფონდო ბირჟის წევრი ბანკები", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

გარდა ამისა, EBRD-ის პრეზიდენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. "ჩვენ გვინდა ყურადღება მივაქციოთ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვინდა ეს რეგიონებში გადავიტანოთ და არა მხოლოდ დედაქალაქ თბილისში", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში EBRD ინფრასტრუქტურულ პროექტებს ავითარებს. "ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ქვემო ქართლის პროექტზე და ამასთან განიხილება ძალიან საინტერესო ნავთობსადენის პროექტი. ეს მნიშვნელოვანი პროექტებია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში მყოფი ქვეყნისთვის. EBRD-ს შეუძლია მართლაც ძალიან სწრაფად მოახდინოს ზემოქმედება იმ ადამიანთა ცხოვრების დონეზე, განვითარებაზე, რომლებიც აქ არიან ჩართულები", - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.