დელიში ჰაერის გასაწმენდად ხელოვნურ წვიმას გამოიწვევენ

დელის ოლქისა და მის შემადგენლობაში მყოფი ნიუ-დელის მთავრობა 20-21 ნოემბერს ხელოვნური წვიმის გამოწვევას გეგმავს, რომ მოსახლეობას ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესების გამო დაეხმაროს. ამის შესახებ დელის მთავრობის გარემოს დაცვის მინისტრ გოპალ რაიმ განაცხადა, რასაც ადგილობრივი ტელეკომპანია NDTV ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქის ხელისუფლება ამ გეგმას უზენაეს სასამართლოს დღეს წარუდგენს, რომელმაც ხელისუფლებას ტოქსიკურ სმოგთან საბრძოლველად გადაუდებელი ზომების მიღება მოსთხოვა. სასამართლო ნებართვის შემთხვევაში ოლქის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან საჭირო ნებართვების მისაღებად იმუშავებს. მანამდე გოპალ რაი ქალაქის ფინანსთა მინისტრსა და კანპურში მდებარე ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Indian Institute of Technology-IIT) მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა. IIT-ის ექსპერტებმა მას ნალექის გამოწვევა შესთავაზეს, რაც, მათი აზრით, ნიუ-დელიში ჰაერის ხარისხის საგანგებო მდგომარეობას გააუმჯობესებს.

კერძოდ, IIT-ის გუნდი აცხადებს, რომ „ხელოვნური წვიმის გამოსაწვევად, მინიმუმ, 40%-იანი მოღრუბლულობა არის საჭირო, ღრუბლის ასეთი დაფარვა კი 20-21 ნოემბერს არის შესაძლებელი.“

ნიუ-დელიში ჰაერის ხარისხის საშუალო ინდექსმა გასულ კვირას 450-ს გადააჭარბა. ქალაქში „კარგ“ ჰაერად 0-დან 50-მდე, ხოლო „დამაკმაყოფილებლად“ 51-დან 100-მდე ინდექსი ითვლება. 151-200-იანი ინდექსის ჰაერი „ზომიერად დაბინძურებულია,“ 201-300 „ძლიერად დაბინძურებულ,“ 300-ზე მეტი ინდექსით კი „საშიშად დაბინძურებულ“ ჰაერად ითვლება.

ახლახან ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დელის მეზობელ შტატებს მოსთხოვა, მოსავლის აღების შემდეგ მარცვლეულის ღეროების წვა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. მოსამართლეებმა ცენტრალურ და საქალაქო ხელისუფლებას მოსთხოვეს, ნიუ-დელიში ჰაერის ხარისხის მკვეთრ გაუარესებასთან საბრძოლველად დეტალური სამოქმედო გეგმა წარადგინონ.

დელის მახლობლად მდებარე პენჯაბისა და ჰარიანას შტატები ჩრდილოეთ ინდოეთის მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომელიც წელიწადში, თითქმის, 18 მილიონ ტონა ბრინჯს აწარმოებს. ოქტომბერ-ნოემბერში, მოსავლის აღების შემდეგ 20 მილიონ ტონაზე მეტი ჩალა და ღერო რჩება, რომელთა უმეტესობაც, ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, ტრადიციულად მინდვრებზე ან მის მახლობლად იწვება, კვამლი კი დაბალ უბანზე მდებარე დელიში მიედინება.

ამას ისიც ემატება, რომ შემოდგომაზე დელიში ამინდი ტრადიციულად მშვიდია, ქარი არ ქრის და ქალაქი თითქმის, არ ნიავდება. ამდენად, ყოველი შემოდგომა დელიში ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესებით გამოირჩევა. ინდოელი მეცნიერების შეფასებით, მისი ჩასუნთქვა დღეში 50 ღერი სიგარეტის მოწევის ტოლფასია. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტის აგვისტოს მოხსენებაში წერია, რომ ჰაერის დაბინძურება დელის მცხოვრბლების სიცოცხლეს, თითქმის, 12 წლით ამცირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ