გიორგი კვირიკაშვილი და ნოდარ ხადური ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ნაგლაა ელ-ეჰვანის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.  "ეგვიპტესთან განსაკუთრებით საინტერესოა სატრანსპორტო ურთიერთობები. ეგვიპტე ყიდულობს ყაზახეთიდან ხორბალს და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ ხორბალმა გაიაროს საქართველოს მარშრუტი, ვინაიდან ის დატვირთავს ჩვენს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ვისაუბრეთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეგვიპტე, ამ კუთხით, არის ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩვენთვის. ვისაუბრეთ ასევე პირდაპირ სატრანსპორტო მიმოსვლაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ შემოდგომაზე ჩავატარებთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ კომისიას, სადაც ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილება",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში აქტიურად თანამშრომლობენ. "სტატისტიკური მონაცემებით, 2009-2014 წლებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში 87,36 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციის განხორციელებას აგრძელებს საქართველოში ეგვიპტური კომპანია "ფრეში," რომელმაც ქუთაისში შექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საყოფაცხოვრებო ნივთების მრავალპროფილიანი ქარხანა ააშენა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 74 მლნ აშშ დოლარს შეადგენს", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ხორციელდება ასევე პირდაპირი საჰაერო რეისები. ამ მომენტისათვის ეგვიპტური ავიაკომპანია "ეარ ქაირო" ახორციელებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში სამი სიხშირით. ასევე სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს შარმ ელ შეიხი-თბილისი-შარმ ელ შეიხის მიმართულებით ავიაკომპანია "ეარ ქაირომ" პირველი პირდაპირი რეგულარული რეისები ნოემბრის თვის დასაწყისში შეასრულა, რის შედეგადაც 2014 წელს ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 3 564 ერთეული შეადგინა, ხოლო 2015 წლის I კვარტალის მონაცემებით, 8 846 ერთეული მგზავრია გადაყვანილი.