მიზეზები, რის გამოც საქართველოში სამსახურს საკუთარი ნებით ტოვებენ

საქართველოში უმუშევრობის დონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებენ. ამის მიზეზი ძირითადად არასათანადო ანაზღაურება, გადაჭარბებული სამუშაო დრო და სტრესული გარემოა. მიუხედავად იმისა, რომ განახლებული "შრომის კოდექსი" უკვე თითქმის ორი წელია ამოქმედდა, დასაქმებულები ხშირად არასასურველ სამუშაო პირობებზე საუბრობენ, რის გამოც ისინი ზოგჯერ იძულებულები ხდებიან სამსახურიდან წამოვიდნენ.

"ხელფასი იყო არარეალური. წამოსვლის მიზეზიც ეს გახდა. ყოფილა თვეები, როცა მხოლოდ 47 ლარი გამომიმუშავებია, მაქსიმუმი რაც ამიღია, 300 ლარია. ამის გამომუშავება კი საკუთარი ნერვების ფასად მიჯდებოდა. სტრესული სამსახური იყო. უნდა დამერეკა და მეიძულებინა ბანკის კლიენტები, რომ სესხი გადაეხადათ. ამას გარდა, ოჯახური პირობების გამო ამ ხელფასზე მუშაობა არ მიღირდა, ვინაიდან ორი შვილი მყავს და ჩემს 47-ლარიან ხელფასზე მეტად, მათ ჩემი ყურადღება სჭირდებათ. გარდა ამისა, წინსვლის პერსპექტივაც არ იყო" - ამბობს bpn.ge-სთან საუბრისას 26 წლის სოფო, რომელიც ერთ-ერთი ბანკის პრობლემური სესხების განყოფილებაში მუშაობდა.

კომპანია "დეშელიდან" წამოსული ირინა კი ხანგრძლივ სამუშაო დროზე საუბრობს: "ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დამაყენეს. დაკავებული პოზიციიდან გამათავისუფლეს და სხვა, უფრო დაბალი პოზიცია შემომთავაზეს, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ამ შეთავაზებაზე რომ დავთანხმებულიყავი, შესაძლოა, დილის 10-დან საღამოს 11 საათამდე მემუშავა. თან იმ საქმის გაკეთება არ მინდოდა, რასაც მთავაზობდნენ".

პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახურის უფროსის, რაისა ლიპარტელიანის თქმით, დაბალი ანაზღაურებისა და ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო, ადამიანები სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებენ. თუმცა, მსგავსი შემთხვევები მასიური არაა. "ძირითადი პრობლემები შრომით ურთიერთობებში ხშირად არის მოკლევადიანი ხელშეკრულები, ასევე სამუშაო საათები, ზოგჯერ 10-12 საათი მუშაობენ ადამიანები, ზეგანაკვეთური სამუშაო კი არ უნაზღაურდებათ. ზოგჯერ ანაზღაურება არის დაბალი. ზოგჯერ არის პრობლემა, რომ წლების განმავლობაში შვებულებით ვერ სარგებლობენ. ძალიან ხშირია პრობლემები შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებითაც, როდესაც იმდენად ცუდი გარემოა შრომის უსაფრთხოების კუთხით, რომ ადამიანები ამჯობინებენ სახლში წავიდნენ, ვიდრე მუშაობით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან", - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

რაც შეეხება საჯარო სექტორს, ამ სფეროში შედარებით ნაკლებია შემთხვევები, როდესაც დასაქმებული სამსახურს საკუთარი ნებით ტოვებს.

თუმცა, საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე, ნუკრი ჭინჭარაულის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო სექტორში დასაქმებულმა სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა."იუსტიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, იქიდან რამდენიმე ორსული გოგონა წამოვიდა გაუსაძლისი გარემო პირობების გამო. შენობაში უამრავი ხალხი ირეოდა, ვაკუუმური შენობა იყო, ამასთან თავიდან საღებავის სუნიც იგრძნობოდა. თუმცა, საერთო ჯამში, საჯარო სექტორში უკეთესი სიტუაციაა იმიტომ, რომ სტაბილური ანაზღაურებაა. ბევრი ამბობს, რომ ურჩევნია იმუშაოს საჯარო სამსახურში და ჰქონდეს სტაბილური დაბალი ხელფასი, ვიდრე კერძო საქმიანობა წამოიწყოს", - აღნიშნა ნუკრი ჭინჭარაულმა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც საჯარო სექტორის თანამშრომლები უჩივიან, გადაჭარბებული სამუშაო საათების რაოდენობაა, რისთვისაც ისინი დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ. "კანონში წერია, რომ კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა 40 საათს უნდა შეადგენდეს. როგორც წესი, საჯარო სექტორში უმრავლეს შემთხვევაში ეს ირღვევა, თანამშრომლების დიდი ნაწილი გაცილებით მეტს მუშაობს. შრომის კოდექსის მიხედვით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა ხდებოდეს, თუმცა ჩვენთან საჯარო სექტორში ასე არ ხდება. ზეგანაკვეთური ანაზღაურება მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება პრემიების გაცემის დროსაც კი არ გაითვალისწინონ, რომ ვიღაც გაცილებით მეტს მუშაობს", - აღნიშნავს ნუკრი ჭინჭარაული.

შედარებით დახვეწილი "შრომის კოდექსის" მიუხედავად, საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო ზედამხედველი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს, თუ რამდენად სრულდება პრაქტიკაში კოდექსით გათვალისწინებული პირობები. შესაბამისად, დასაქმებულები ხშირად არასასურველი სამუშაო პირობების მსხვერპლი ხდებიან. მათი დიდი ნაწილი ეგუება არსებულ პირობებს, ზოგი კი სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს და უერთდება იმ სამუშაო ძალას, რომელთა 14,3 პროცენტი, 2013 წლის მონაცემებით, უმუშევარია.

თამთა ჯიჯავაძე