საერთაშორისო სანქციებთან მიერთების კუთხით საქართველო არის სამაგილითო ქვეყანა განსხვავებით ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისგან - ევროკომისიას არ მოუთხოვია, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს პირდაპირი სანქციები, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პირდაპირი სანქციების დაწესებით საქართველო საკუთარ თავს ზიანს მიაყენებს.
„საერთაშორისო სანქციებთან მიერთების კუთხით საქართველო არის სამაგილითო ქვეყანა, განსხვავებით ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნისგან, სადაც კარგად ახერხებენ სანქციების გვერდის ავლას. ყველა მონიტორინგი აჩვენებს, რომ საქართველო ამ მხრივ არის სამაგალითო, მაგრამ რაც შეეხება პირდაპირ სანქციას, ამაზე ჩვენი პოზიცია ნათელია და არც ევროკომისიას მოუთხოვია, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს პირდაპირი სანქციები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმის მიყენებას და პოლიტიკური და უსაფრთხოების საკუთხებში ესკალაციის გაღრმავებას და ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვიცავს არც ერთი საერთაშორისო გარანტორი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება 9 ახალ პირობას, რომელიც საქართველოს აქვს შესასრულებელი, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ არა მხოლოდ ამ პირობების, არამედ კიდევ ბევრი სხვა რეფორმის გატარება მოუწევს ქვეყანას და ეს იქნება ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი პროცესი.
„არამარტო შემდგომი რეფორმები იქნება განსახორციელებელი, რაც ამ 9 ნაბიჯში წერია, არამედ სხვა მიმართულებითაც იქნება რეფორმები გასატარებელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს პროცესი იქნება მუდმივი პროცესი და დაკავშირებული იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდგომ რეფორმირებასთან, რომ მისი თავსებადობა ევროკავშირის სტანდარტებთან იყოს მაქსიმალურად მიახლოებული. ნურასდროს ვიტყვით, რომ რაღაც ზღვარია, რომლის შემდეგაც საქართველოს არ ექნება რეფორმები გასატარებელი. ეს იქნება მუდმივი, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ჩვენ ამ რეფორმებს გავატარებთ, გავატარებთ როგორც ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში ასევე ჩვენი ქვეყნის კონკრეტულ ინტერესებთან შესაბამისობაში ყოფნით,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.