სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ისტორიულ მოგებაზე გავიდნენ, რომლის 86%-ზე მეტი მოდის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებულ მოგებაზე. ამის შესახებ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, ზემოთაღნიშნული მოცემულობა ნიშნავს, რომ საწარმოთა ბოლო 2 წლის მოგება არ არის მდგრადი და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში შესაძლოა, ეს მაჩვენებელი ზარალის მიმართულებით შებრუნდეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გადამუშავებული მონაცემებიდან ჩანს, 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები წარმოადგინა 117-მა საწარმომ. მარაბდა-კარწახის რკინიგზის გარეშე სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგებამ 2022 წელს 1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც, კურსთაშორისი სხვაობით მიღებული მოგება 787.3 მილიონი ლარი იყო. მარაბდა-კარწახის რკინიგზის ჩათვლით კი წმინდა მოგებამ მიაღწია 1.4 მილიარდ ლარს, მათ შორის კურსთაშორისი სხვაობით მიღებული მოგების ეფექტი იყო 1.171 მლრდ ლარი.
„სახელმწიფო საწარმოები 2022 წელსაც 2021 წლის მსგავსად ინარჩუნებენ წმინდა მოგების მაღალ ნიშნულს. სექტორის ჯამურმა მოგებამ მარაბდა-კარწახის რკინიგზის ჩათვლით 2022 წელს შეადგინა 1.4 მილიარდი ლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
წმინდა მოგების 86%-ზე მეტი მოდის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებულ მოგებაზე, ეს ნიშნავს, რომ საწარმოთა ბოლო 2 წლის მოგება არ არის მდგრადი და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში შესაძლოა ეს მაჩვენებელი ზარალის მიმართულებით შებრუნდეს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ბოლო 2 წლის დინამიკა დრამატულადაა გაუმჯობესებული წინა წლებთან შედარებით, ეს ხაზს უსვამს მხოლოდ სექტორის მოწყვლადობას გარე ფაქტორებზე, უმთავრესად კი სავალუტო კურსთაშორისი სხვაობის რისკებზე. ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში სახელმწიფო საწარმოები მომავალ საანგარიშო პერიოდ(ებ)ში ამდენივე ოდენობით განიცდიან ზარალს.
საწარმოებისთვის მიმდინარე პერიოდი არის უნიკალური მომენტი შეიმცირონ უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება მათი სესხების გარკვეული ნაწილის ლარიზაციით.
საწარმოებს ამ მომენტში აქვთ უნიკალური შანსი შეამცირონ სავალუტო მოწყვლადობა საგარეო სესხების საშინაოთი ჩანაცვლების გზით. აღნიშნულს ასევე ექნება ირიბი პოზიტიური ეფექტი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.