მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,ჩხარი“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. აღნიშნული ხაზით ელექტროენერგია რაჭის რეგიონს და ტყიბულის მუნიციპალიტეტს მიეწოდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ხაზის მთელ სიგრძეზე ამორტიზებული მონაკვეთები სრულად განახლდა, დამონტაჟდა ახალი საყრდენები, მოეწყო ახალი ფუნდამენტები, შეიცვალა სახაზო არმატურა, რაც ელექტროგადამცემი ხაზის გაცილებით შეუფერხებელ და იმედიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
„ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, დაახლოებით, 1 წელი მიმდინარეობდა. კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლები და ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულებულიყო. სამუშაოების წარმოების ხანგრძლივობა იმის გათვალისწინებით დაიგეგმა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების გეგმური შეზღუდვები ხშირი არ ყოფილიყო. საბოლოოდ, ყველა სამუშაო ხარისხიანად შესრულდა“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა მამისეიშვილმა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ მის კუთვნილ ქსელში არსებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს.