ლევილის მამულში უნდა ჩაიდგას ქართული ოდა, რომელსაც რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის ფუნქცია ექნება

საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულში უნდა ჩაიდგას ქართული ოდა, რომელსაც რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის ფუნქცია ექნება.

შესაბამისი არქიტექტურული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ეროვნულმა მუზეუმმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 58 200 ევროა. სააგენტოს წინადადების განხილვის ვადა 15 ნოემბრამდე აქვს.

„ლევილის მმართველი საბჭოს წევრების მიერ ერთხმად გადაწყდა, რომ ლევილის მამულში, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ კულტურულ კერას, უნდა ჩაიდგას ქართული ოდა. აღნიშნულ ოდას ექნება რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის ფუნქცია.

ოდის მშენებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ლევილის მერიიდან მშენებლობის ნებართვის მიღება. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოითხოვს მთელი რიგი დოკუმენტაციის მომზადებას (მათ შორის, ენერგოეფექტურობის კვლევა; არეალზე არსებული ზედაპირების ცხრილები და უსაფრთხოების ცნობა) და შესაბამისი პროცედურების წარმართვას.

ვინაიდან ნებართვის მოპოვება ხდება საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აღნიშნული პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი არქიტექტორის მიერ,“- აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში.

ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის - ლევილის ქართული აკადემიის (ლევილის მამულის) ტერიტორიაზე არსებული შენობების ((შატო, ე.წ. „პოლკოვნიკ წერეთლის სახლი“ და ბიბლიოთეკა) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 2 623 828 ევრო ჯდება.

თაია არდოტელი