პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საბიუჯეტო პროექტის პარლამენტში განხილვის შემდეგ, მთავრობამ ყველა ის შენიშვნა და წინადადება გაანალიზა, რაც პარლამენტის დასკვნაში აისახა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შეძლებისდაგვარად გაითვალისწინა.

კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკური პარამეტრების ცვლილება არ ასახულა - როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე ინფლაცია და მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი არის უცვლელი. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მომდევნო წელს არის 5,2%, შემდეგ წლებში კვლავ შენარჩუნებულია 5%-იანი მაჩვენებელი. ინფლაციის მაჩვენებელი არის მიზნობრივზე დაბლა - 2,8%. მშპ-ს დეფლატორი 3%-ით არის განსაზღვრული, როგორც იყო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის წარმოდგენის დროს. ნომინალური შიდა პროდუქტიც ასევე უცვლელია - 83,4 მილიარდი ლარი 2024 წლისთვის, მომდევნო წლებში კი ის მზარდია და 2027 წლისთვის 108 მილიარდ ლარამდე აღწევს.

კაკაურიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არის უცვლელი, მთავრობა დამატებითი წყაროების მოძიებაზე მუშაობდა და გამოჩნდა რესურსი, რაც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 700 მილიონი ლარით გაზრდის საშუალებას იძლევა. როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, სწორედ ეს არის რესურსი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დამატებით განაწილდეს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, აღნიშნული რესურსის გათვალისწინებით იზრდება ბიუჯეტის რესურსი და შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 25,8 მილიარდი ლარი იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი 704,3 მილიონი ლარით იზრდება და 24 მილიარდ 865 მილიონ ლარს შეადგენს.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები იქნება 20 მილიარდ 569 მილიონი ლარი და ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 685,6 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბიუჯეტის ზრდა ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე ხდება, სხვა შემოსავლები უცვლელია და 1 300 მლნ ლარია, უცვლელია ასევე გრანტები - 261 მლნ. ლარი, პრივატიზაციიდან შემოსავლებიც და სესხების დაბრუნებაც უცვლელია და შესაბამისად 200 მლნ და 300 მლნ. ლარია.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 704,3 მლნ ლარით არის გაზრდილი, რომლებიც დამატებით სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდა.

65 მლნ ლარი დამატებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნითა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყო და სამინისტროს დაფინანსება 7 800 მლნ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, 2024 წლისთვის გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკის მოსახლეობის ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფა. თანხების დამატება ხდება სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

კაკაურიძის ინფორმაციით, დამატებითი შემოსავლები მთავრობას საშუალებას აძლევს დამატებით გაწიოს არაერთი მნიშვნელოვანი ხარჯი განათლების, კულტურის, სპორტის, ინფრასტრუქტურის, მართლწესრიგის დაცვის, თავდაცვის და სხვა მიმართულებით.