მიმდინარე კვირას პუტინი შესაძლოა, რუსულ ბიზნესს შეხვდეს.
ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ბიზნესწრეების წყარომ განუცხადა. სააგენტოს თანამოსაუბრის ცნობით, „ბიზნესი პრეზიდენტთან საქმიანი შეხვედრისთვის უკვე ემზადება.
“რუსეთის მსხვილი ბიზნესი პუტინს ტრადიციულად წლის ბოლოს ხვდება. როგორც წესი, შეხვედრაზე ეკონომიკისა და ბიზნეს კლიმატის განვითარების აქტუალური საკითხები, უცხოური და შიდა ინვესტიციები განიხილება. ამასთან, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლები რუსეთის ეკონომიკის განვითარებისთვის ხშირად სხვადასხვა ინიციატივით გამოდიან.
სავარაუდო განსახილველ საკითხებს შორის ექსპერტები ასახელებენ იმპორტის მნიშვნელოვან ჩანაცვლებასა და პარალელურ იმპორტზე გადასვლას, ასევე, ბევრი ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ ბაზრიდან გასულ უცხოელ ინვესტორთა აქტივების ნახევარ ფასად შეძენასა და ინფლაციას, რომელიც მომავალ, 2024 წელსაც ემუქრება, როცა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„მაღაზიებში ფასები საკმაოდ სწრაფად იზრდება, რაზეც ცოტა ხნის წინ ქათმის ხორცის ფასების კუთხით პრეზიდენტმაც კი გაამახვილა ყურადღება. შესაძლოა, ბიზნესს ფასების ზრდის პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება მოსთხოვონ ან ალტერნატივად რიგ საქონელზე ფასების გაყინვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების გაზიარება მოუწევთ,“ - აცხადებენ ექსპერტები.
მათი პროგნოზით, მართალია, ცენტრალური ბანკის ინფლაციის სამიზნე 4%-ია, მაგრამ არასტაბილური რუბლის პირობებში სტატისტიკის ასეთ მაჩვენებლამდე მიყვანა საკმაოდ რთული იქნება. ეს მაშინ, როცა 2024 წელი მნიშვნელოვანი წელია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, „ასეთი მოვლენის დროს კი სტატისტიკა მნიშვნელოვანია.“
ცნობისთვის: 2022 წელს პუტინი მსხვილ ბიზნესს 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში შეხვდა. იმავე წლის ზაფხულში პუტინი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა სიტყვით, რომელსაც რამდენიმე რუსი მილიარდერიც ესწრებოდა. მაშინ მან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, „ძველ ფოცხს“ გადააბიჯონ და ინვესტიცია რუსეთში ჩადონ. მიმდინარე წლის 21 თებერვალს, ფედერალურ ასამბლეისადმი მიმართვაში პუტინმა კვლავ მოუწოდა სანქციებით დაზარალებულ რუს ბიზნესმენებს, ზარალის აღდგენას კი არ შეეცადონ, არამედ რუსეთში ინვესტიციები განაახლონ.
„გაწვდილი ხელით სირბილი, თავის დამცირება და საკუთარი ფულის მათხოვრობა უაზრობაა. არ უნდა მიეჯაჭვოთ წარსულს. საჭიროა თქვენი სამუშაოს რესტრუქტურიზაცია. თქვენ ძლიერი ხალხი ხართ, წამოიწყეთ ახალი პროექტები, ჩადეთ ინვესტიციები რუსეთში,“ - აცხადებდა მაშინ პუტინი.
ბოლოს პუტინმა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრა წლევანდელ მარტში, რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ყრილობის ფარგლებში გამართა. ყრილობას სულ, დაახლოებით, ათასი დელეგატი და მონაწილე ესწრებოდა, რომლებიც მსხვილ, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე, რუსეთის მთავრობას, სამინისტროებსა და დეპარტამენტებს წარმოადგენდნენ. ამჯერად პუტინმა, სხვა მითითებებთან ერთად, ბიზნესს მოსთხოვა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა განავითარონ. სამაგიეროდ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ბიზნესზე ზეწოლის შესამცირებლად წინადადებების შემუშავების პირობა დადო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ