რუსთავის მერია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ფორმირებაში მოსახლეობის აქტიური ჩართვის მიზნით, საჯარო შეხვედრებსა და განხილვებს მართავს.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროექტები, დღეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს გააცნო.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოში წარდგენამდე, ნინო ლაცაბიძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 700-ზე მეტ წარმომადგენელს გააცნობს.
,,მოსახლობასთან, ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად გავდივართ ბოლო დეტალებს ბიუჯეტის, რომლითაც 2024 წელს უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენმა გუნდმა აბსოლუტურად ყველა ის მთავარი მოთხოვნა გაითვალისწინა და ასახა პრიორიტეტებში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჰქონდა მოსახლეობას, ასევე ამხანაგობების თავმჯდომარეები, მოსახლეობის სახელით აყენებდნენ მერიის წინაშე“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები, მოსახლეობის ჩართულობით ზუსტდება. შეხვედრებს რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, რუსთავის მერია საკრებულოში 15 ნოემბერს შეიტანს.