რუსული ავიაკომპანიები .aero-დომენის ზონაში დაიბლოკა

სამოქალაქო ავიაციის სერვისების შვეიცარულმა პროვაიდერმა, SITA-მ საერთაშორისო საავიაციო უმაღლესი დონის დომენის ზონა .aero-ში რუსული საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები დაბლოკა. ინფორმაციას „იზვესტია“ ავრცელებს.

ზოგიერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე მიიღო შეტყობინება ამ ზონაში დომენების რეგისტრაციისა და განახლების შეწყვეტის შესახებ. წერილი 10 ნოემბერს დაიგზავნა.

.aero-დომენის ზონაში რუსეთიდან 200-ზე მეტი ვებგვერდი არის რეგისტრირებული. ამ დომენს ოცდაათამდე, მათ შორის, შერემეტევოს, ჟუკოვსკის, ყაზანის, კრასნოიარსკის, „რეგიონების აეროპორტების,“ „აეროდინამიკის“ და სხვა აეროპორტები იყენებენ. მასზე წვდომა აქვს 15 რუსულ ავიაკომპანიას, მათ შორის, Pobeda-ს, Azimuth-ს, Yamal-ს, Ikar-ს, Alrosa-ს, ასევე, გაერთიანება „რუსეთის შვეულმფრენებსა“ და სხვა ორგანიზაციებს.

ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შვეიცარულმა SITA-მ ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო რუსეთში საქმიანობის თანდათანობითი შეჩერება და სერვისების უმეტესი ნაწილი გამორთო.

რუსეთში ბიზნესდომენების უმსხვილესი რეგისტრატორი, Ru-Center თავის კლიენტებს ურჩევს, .aero-ზონაში რეგისტრაციის ვადის ამოწურვას არ დაელოდონ და ერთი წლის განმავლობაში საკუთარი ვებგვერდი სხვა ზონებში არსებულ დომენზე გადაიტანონ.

საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონა, .aero 2002 წელს სპეციალურად ავიაინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა. ამ დომენის გამოყენება მხოლოდ ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, კოსმოსური და საავიაციო მრეწველობის საწარმოებს, ავიაკლუბებს, ბილეთების გაყიდვის სისტემას, თვითმფრინავის ეკიპაჟებს, სახმელეთო სერვისებსა და სექტორის სხვა წარმომადგენლებს შეუძლიათ. .aero-დომენზე დარეგისტრირება მხოლოდ საავიაციო საზოგადოების უნიკალური იდენტიფიკატორის მიღების შემდეგ არის შესაძლებელი.

Ru-Center-ის მონაცემებით, რუსეთში ასეთი დომენის რეგისტრაციის ღირებულება 5800 რუბლიდან (63 დოლარიდან) იწყება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ