კომპანია K Water-ის ვიცე-პრეზიდენტი საპარტნიორო ფონდს ესტუმრა

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი კორეული კომპანია K Water-ის წარმომადგენლობა, რომელსაც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ლიი ჰაკ-სუუ ხელმძღვანელობს, საპარტნიორო ფონდს ესტუმრა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, K Water-ი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას აპირებს. მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები სვანეთშიც იმყოფებოდნენ, სადაც ჰესისთვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერეს.

საპარტნიორო ფონდი გეგმავს, რომ მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები ივლისის ბოლოდან დაიწყოს, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანია გამოვლინდება.  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ამ მასშტაბის კომპანიის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება წამახალისებელი ფაქტორი უნდა გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის.

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.