ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებისთვის პროგნოზირებულზე მეტ ნავთობს გაგზავნის

სააქციო საზოგადოება, „ყაზტრანსოილი,“ რომელიც ყაზახეთის როგორც შიდა ბაზარზე, ასევე, სატრანზიტო და საექსპორტო მიზნებისთვის ნავთობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში 1,4 მლნ ტონა ნავთობის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ „ყაზტრანსოილის“ წყარომ ექსკლუზიურად სააგენტო Trend-ს განუცხადა.

„კომპანია ამ წლის ბოლომდე აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში 1,4 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს,“ - აცხადებს წყარო.

ეს იმაზე მეტი მოცულობაა, რასაც ახლახან აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ფარვიზ შაჰბაზოვი ასახელებდა. მისი პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ყაზახეთიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობმიწოდება 1,125 მლნ ტონას მიაღწევს. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება წელს 1,5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება აპრილში დაიწყო, მინისტრი წლის ბოლომდე ბთჯ-ის მილსადენით 1,125 მლნ ტონაზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირებას არ მოელოდა.

აზერბაიჯანი ყოველთვიურად ყაზახური ნავთობით 12-დან 14-მდე ტანკერს იღებს.

აღსანიშნავია, რომ „ყაზტრანსოილმა“ ამა წლის პირველ რვა თვეში ბაქოს პორტში ექსპორტირებული ყაზახური ნავთობის მოცულობა 12-ჯერ გაზარდა. კერძოდ, აქტაუს პორტიდან ყაზახური ნავთობის ექსპორტის მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2,164 მლნ ტონა შეადგინა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 759 ათასი ტონით, ანუ 54%-ით მეტია. აქედან 520 ათასი ტონა „თენგიზის“, 252 ათასი ტონა „დუნგას,“ 1,385 მლნ ტონა ბუზაჩის ნახევარკუნძულის, ხოლო 7 ათასი ტონა „კაშაგანის“ საბადოებიდანაა.

წყაროს თქმით, „ყაზტრანსოილი“ წელს ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიან მოცულობასაც გაზრდის, რომელიც 41,6 მლნ ტონას მიაღწევს. წყარო, ასევე, შენიშნავს, რომ 2024 წლისთვის ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა კომპანიას ჯერ არ დაუგეგმავს. 2022 წელს „ყაზტრანსოილის“ მაგისტრალური მილსადენების სისტემით ნავთობის ტრანსპორტირების მთლიანი მოცულობა 40,656 მლნ ტონას შეადგენდა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 568 ათასი ტონით ნაკლები იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ