გიორგი ქადაგიძე: როცა ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიაზე, შეიძლება გაიგო, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ეს უხერხულია

როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, ვინაიდან ყვითელი პრესა ცდილობს, მოიზიდოს სპეციფიკური ტიპის მკითხველი, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ეს როგორც მინიმუმ, უხერხულია, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ვიცე-პრემიერ კახი კალაძის გუშინდელ განცხადებას.

"განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე, ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც EBRD, რომლის ფორუმზეც დღეს ვიმყოფებით და, რომელი ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ეს რამდენად უწყობს ხელს ყველაფერ ამას, განსჯა თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, არანაირი კოორდინაციის და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის პრობლემა ეროვნულ ბანკს არ ჰქონია და მუდმივად აწვდის მთავრობას საკუთარ შეფასებებს, პროგნოზს. "ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი, თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები გავლენას ახდენს იმ მოლოდინებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კურსის ფორმირების პროცესში",- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა კითხვას დეტალურად პარლამენტში, ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვისას უპასუხოს. კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობას დიდი ბანკების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე ინფორმაცია არ აქვს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შესაძლოა, ხელოვნური და პოლიტიკურიც კი იყოს.