პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ“ პროექტს მხარი დაუჭირა. მთავრობის ინიციატივა, მესამე მოსმენით - 81 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
მთავრობის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს. ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით.
ამავე პროექტით, მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით და მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. რაც შეეხება პროცედურას, კანონპროექტით, პირმა, მიწის ნაკვეთის ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით, შესაბამისი განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს.