ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს კულტურის და სპორტის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 950 მლნ, გარემოს დაცვის მიმართულებაზე 650 მლნ, ხოლო სოფლის მეურნეობის - 579 მლნ ლარი

2024 წელს კულტურის და სპორტის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 950 მლნ ლარი, გარემოს დაცვის მიმართულებაზე დაიხარჯება 650 მლნ ლარი, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე დაიხარჯება 579 მლნ ლარი. ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს კულტურისა და სპორტის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 950 მლნ ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის დაფინანსებაზე მიიმართება 202 მლნ ლარი, ხოლო სპორტის დაფინანსებაზე 328 მლნ ლარი, ასევე, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან კულტურის დაფინანსებაზე მიიმართება 205 მლნ ლარი, ხოლო სპორტის დაფინანსებაზე 215 მლნ ლარი.

აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, მათ შორის:

კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ხელფასების ზრდა 10%-ით;

კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება - 98 მლნ ლარით;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემების დაფინანსება - 40 მლნ ლარით;

კულტურის ინფრასტრუქტურის დაფინანსება - 30 მლნ ლარით;

საბავშვო სპორტის დაფინანსებისა და კლუბების ხელშეწყობისათვის - 215 მლნ ლარი;

მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსებისათვის - 195 მლნ ლარი;

სპორტის ინფრასტრუქტურის დაფინანსებისათვის, მათ შორის, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ინფრასტრუქტურისთვის - 80 მლნ ლარი (ოლიმპიადა 50 მლნ ლარი);

სპორტსმენთა ჯილდოებისა და სტიპენდიებისათვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი, მათ შორის, იზრდება სპორტსმენთა, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის სტიპენდიები, საშუალოდ 60%-ით.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულების დაფინანსებაზე.

მისი თქმით, 2024 წელს გარემოს დაცვის მიმართულებაზე დაიხარჯება 650 მლნ ლარი, მათ შორის, მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროგრამებისათვის 450 მლნ ლარი. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, მათ შორის, გათვალისწინებულია:

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის დაფინანსების გასამმაგება;
  • ადრეული გაფრთხილებისა და პრევენციის შესაძლებლობები გაძლიერების მიზნით, დაგეგმილია დამატებითი მეტეოროლოგიური სადგურების შეძენა-მონტაჟი; მყინვარულ ხეობებში შესაძლო ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების დეტალური შეფასება და ქვეყნის მასშტაბით მსხვილი მეწყრული უბნების გეოლოგიური კვლევა და თანამედროვე მონიტორინგის სისტემის ინსტალირება (24 მლნ ლარი);
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ღონისძიებების დაფინანსება - 29 მლნ ლარით;
  • სატყეო სისტემების მართვისთვის - 35 მლნ ლარი;
  • დაცული ტერიტორიების მართვისთვის - 20 მლნ ლარი;
  • მყარი ნარჩენების მართვისთვის - 88 მლნ ლარი.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე დაიხარჯება 579 მლნ ლარი. მათ შორის:

  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება 200 მლნ ლარი, ტექნიკის თანადაფინანსებისათვის 20 მლნ ლარი, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებისათვის 17 მლნ ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისთვის 54 მლნ ლარი;
  • დანერგე-მომავლის დასაფინანსებლად 26 მლნ ლარი, ხოლო აგროდაზღვევისათვის 12 მლნ ლარი;
  • თხილის წარმოების და მერძევეობის ხელშეწყობისათვის 20-20 მლნ ლარი;
  • სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვისათვის 64 მლნ ლარი;
  • სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის 79 მლნ ლარი.