დიდი ბრიტანეთი 2060 წლისთვის ყველაზე ხალხმრავალი ევროპული ქვეყანა იქნება

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დაახლოებით 45 წელიწადში ბრიტანეთის მოსახლეობის რაოდენობა 80 მილიონს მიაღწევს, მაშინ როდესაც 2013 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ბრიტანეთში დაახლოებით 64 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაიზრდება შვედეთის მოსახლეობის რაოდენობაც. ევროკავშირის პროგნოზების თანახმად, 40 პროცენტით იმატებს მათი რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2060 წლისათვის სკანდინავიური ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 15 მილიონს მიაღწევს. ამ მხრივ ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება ლუქსემბურგში, სადაც 2060 წლისთვის, 110 პროცენტიანი ზრდის შედეგად, ნახევარმილიონიანი მოსახლეობის რაოდენობა ერთ მილიონს გადააჭარბებს.

ამას გარდა, ევროკავშირის პროგნოზების თანახმად, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება. მათ შორისაა ლიტვაც, სადაც 40-პროცენტიანი კლება დაფიქსირდება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება ბულგარეთისა და ლატვიის მოსახლეობაც.

საერთო ჯამში მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ევროპაში მოსახლეობის სისოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება, თუმცა, შობადობის რიცხვი შემცირდება.