კიბერთაღლითებმა ახალი სქემა შეიმუშავეს - საზოგადოება და ბანკები

„საზოგადოება და ბანკები“, მომხმარებლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კიბერთაღლითები ისევ გააქტიურდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მათ ახალი სქემა შეიმუშავეს.

„ამჯერად whatsapp-ის, viber-ის ან sms-ის საშუალებით უგზავნიან მომხმარებელს გზავნილს და ატყობინებენ, თითქოს მან მოიგო გარკვეული თანხა გათამაშებაში, რისთვისაც უნდა გადავიდნენ ბმულზე. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში არის მაღალი რისკი იმის, რომ მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაცია მოიპოვონ თაღლითებმა და დაეუფლონ მის კუთვნილ თანხას“,- აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.

არასამთავრობო ორგანიზაცია მომხმარებლებს უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, ესენია:

  • დააკვირდნენ გამომგზავნის დასახელებას და ბმულის მისამართს;
  • დარწმუნდნენ, რომ სწორად არის მითითებული გამომგზავნი ბანკის დასახელება და ვებგვერდის მისამართი;
  • არ გადავიდნენ და არ შეიყვანონ საბანკო ინფორმაცია და პაროლი საეჭვო ბმულებზე.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შემთხვევით გადავიდა ბმულზე, საზოგადოება და ბანკები მათ მოუწოდებს, თითი არ დააჭირონ გამოსულ ფანჯარას. თუ შენიშნავენ, რომ საბანკო მონაცემები საეჭვო გვერდზე შეიყვანეს, დაუყოვნებლივ საჭიროა შემდეგი ქმედებები:

  • დაიბლოკოს ბარათი ციფრული ბანკიდან;
  • განახლდეს user-ი და პაროლი;
  • მომხმარებელი დაუკავშირდეს ბანკს.

„საზოგადოება და ბანკებში“ აცხადებენ, რომ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლის ინფორმირებას, მომავალშიც გააგრძელებენ.

თამარ მუკბანიანი