ავსტრალიის მთავრობა მსოფლიოში პირველად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

ავსტრალიის მთავრობა ხელოვნურ ინტელექტ Microsoft 365 Copilot-ის სისტემების გამოყენებას 2024 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება იმ პროგრამებსა და აპლიკაციებში, რომლებსაც სახელმწიფო თანამშრომლები იყენებენ, „ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას დაიწყებს.“

„2024 წლის პირველ ექვს თვეში Microsoft 365 Copilot-ის საცდელ ვერსიას გამოვიყენებთ და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მთავრობა ვიქნებით, რომელიც სამთავრობო სერვისებში გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს დანერგავს,“ - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, საჯარო სამსახურის თანამშრომლები ხელოვნურ ინტელექტს ინოვაციების დასანერგად, შრომის პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად და უფრო ხარისხიანი სამთავრობო სერვისების მისაწოდებლად გამოიყენებენ. სახელმწიფო მოხელეებს ამ ტექნოლოგიის ათვისებაში კომპანია, Microsoft დაეხმარება.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტესტირება 2024 წლის იანვარში დაიწყება და ივნისში დასრულდება, რის შემდეგაც მთავრობა, გამოცდილებიდან გამომდინარე, ანგარიშს მოამზადებს და მომავალში ამ ტექნოლოგიის გამოყენების პერსპექტივას შეაფასებს.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, Copilot კომპანია Microsoft-მა საოფისე, მათ შორის, პოპულარული აპლიკაციების, Word-ის, Excel-ისა და Teams-ის მომხმარებელთა დასახმარებლად შექმნა. Copilot-ის სერვისი მომხმარებლებს პრეზენტაციების მომზადებაში, დოკუმენტების დაწერაში, ონლაინ-შეხვედრების შედეგებზე ანგარიშების ავტომატურად მომზადებასა და მიღებული ელფოსტის დალაგებაში ეხმარება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ