ყველაზე იაფი ქვეყნები სამოგზაუროდ

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ტურისტებისათვის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 141 ქვეყანა შევიდა. რეიტინგი რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით შეიმუშავეს, მათ შორის ავიარეისების საშუალო ფასის, სასტუმროების ფასის, ცხოვრების ღირებულების, საწვავის ფასისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით.

ანგარიშის მიხედვით, სამოგზაუროდ ყველაზე იაფ ქვეყნებს შორის ირანი, ეგვიპტე, ინდონეზია, იემენი, გამბია, მალაიზია, ტუნისი, ინდოეთი, პაკისტანი და ალჟირი მოხვდნენ, თუმცა, ამ ქვეყნების ნაწილში ომია ან მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ეს ქვეყნები ტურისტებს უნიკალური ადგილების ნახვის შესაძლებლობას აძლევს.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ ქვეყნებს ტურისტებისთვის, რეიტინგში მოხვდა ფინეთი, ირლანდია, სეიშელის კუნძულები, კანადა, მიანმარი, გერმანია, ჰონგ-კონგი, ისლანდია, ბარბადოსი, ნიდერლანდები, სენეგალი, ავსტრია, იტალია, შვედეთი, დანია, ისრაელი, ნორვეგია, ავსტრალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია.