გერმანიამ საქართველო, მოლდოვასთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ოფიციალური ბერლინის ინფორმაციით, ეს არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გერმანიის ბუნდესთაგის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი გახდა. გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი თითქმის 160%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, თუ 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფრის მიღებას საქართველოს 3 279 მოქალაქე ითხოვდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 908-მდე გაიზარდა, წელს იანვარ-ოქტომბერში კი გერმანიაში თავშესაფარი მთლიანად საქართველოს 8 513 მოქალაქემ მოითხოვა.
BAMF-ის სტატისტიკით წელს 10 თვეში გერმანიაში თავშესაფარს სხვადასხვა ქვეყნის 286 638 მოქალაქე ითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ათეულში შედიან.
ამასთან, BAMF-ის სტატისტიკით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარზე პირველადი განაცხადი საქართველოს 7 644-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს. მთლიანად კი 2023 წლის 10 თვეში გერმანიაში თავშესაფარი (პირველადი განაცხადი) 267 384 -მა უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი იყო სირიის მოქალაქე - 83 336 ადამიანი (31,2%); მეორე ადგილზეა თურქეთი - 45 086 განაცხადით (16,9%) და მესამეზე ავღანეთი - 43 958 განაცხადი (16,4%).
ათეულში საქართველოსთან ერთად შედიან - მოლდოვას, ირანის, რუსეთის, სომალის და ა.შ. მოქალაქეები.