ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი - რუსეთის მეზობელი ევროპული ქვეყნები საზღვარს კეტავენ

ნორვეგია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახუროს. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრ ემილი ენგერ მელმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში საზღვრის დახურვა მოკლე დროში შეგვიძლია,” - აცხადებს მელი.

რუსეთ-ნორვეგიის საზღვარზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი, სასაზღვრო გადასასვლელი, „სტურსკუგი“ (რუსეთის მხრიდან საერთაშორისო გამშვები პუნქტი, „ბორისოგლებსკი“) მოქმედებს. მინისტრის თქმით, თუ ამ სასაზღვრო პუნქტზე ხალხის ნაკადი გაიზრდება, ნორვეგია მზად არის, ფინეთის ხელისუფლების მაგალითს მიბაძოს.

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვა მიმდინარე კვირას გადაწყვიტა. ქვეყანის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპომ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით რუსეთთან საზღვარზე ცხრა გამშვები პუნქტიდან ოთხი, ვაალიმა, ნუიამა, ნიირალა და იმარტა 18 ნოემბრის ღამის საათებიდან დაიხურება. ორპოს ცნობით, გადაწყვეტილება ერაყიდან, იემენიდან, სომალიდან და სირიიდან ლტოლვილების შედინებით არის გამოწვეული, რომლებიც ფინეთში ჩასვლას რუსეთის ტერიტორიიდან ცდილობენ.

რუსეთთან საზღვრის დაკეტვის მზადყოფნა, ასევე, ესტონეთმაც გამოთქვა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის უფროსი, ვეიკო კომუსაარი აცხადებს, რომ „ქვეყანა მზად არის, ევროკავშირში ესტონეთის გავლით ნებისმიერი უკანონო მიგრაცია თავიდან აიცილოს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ