მსოფლიოს დღევანდელ რეალობაში დრონმა სოფლის მეურნეობის თამაშის წესები შეცვალა და უპილოტო აპარატებმა მნიშვნელოვნად გაარღვიეს ტრადიციული ინდუსტრიები. აგროდრონი თანამედროვეობის უახლეს მიღწევად მიიჩნევა სოფლის მეურნეობაში. მათი შესაძლებლობები და ეფექტურობაც ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იზრდება. სავარაუდოდ, ის დროთა განმავლობაში მძიმე აგროტექნიკას ჩაანაცვლებს.
აგროდრონის გამოყენება შესაძლებელია შეწამვლითი პროცესების, საჰაერო თესვის განხორციელების, თხევადი სასუქების გაფრქვევის, სპექტრული სურათების გადაღების, მცენარეთა სტრუქტურის ანალიზისა და მონიტორინგის მიზნით. აგროდრონის შესაძლებლობები ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ბევრად ეფექტურად და ნაკლები თანხით განახორციელოს თავისი საქმიანობა.
ბოლო წლების განმავლობაში, აგროდრონების კულტურა ქართულ რეალობაშიც იკიდებს ფეხს და დღითიდღე ვითარდება. ქართულ ბაზარზე გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ფერმერებს აგროდრონებით მომსახურების სერვისს სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი არის სტარტაპ კომპანია „აგრომეტა“.
სტარტაპის დამფუძნებელი ნიკოლოზ მესხი "ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ მათი სერვისი დროებით მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებას და ფერმერებისთვის აგროდრონებით მომსახურების გაწევას გულისხმობს. კონკრეტულად კი აგროდრონს შეუძლია დაამუშაოს, როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლოვანი კულტურები, ხილის, ნუშის ბაღები, სიმინდი, ხორბალი და სხვა. აგროდრონის საშუალებით შესაძლებელია დღის განმავლობაში დაახლოებით 100 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ერთწლოვანი კულტურების დამუშავება.
საშუალოდ, ერთწლიანი კულტურების შემთხვევაში, „აგრომეტას“ სერვისის მომსახურების ფასი 1ჰა-ზე 80 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მრავალწლოვან კულტურებზე კი მომსახურების ფასი 1ჰა-ზე 120-150 ლარის ფარგლებში. აღნიშნული ფასები მოქმედებს 10ჰა და მეტი ფართობის დამუშავებისას. მუდმივი მომხმარებლებისთვის კი მოქმედებს განსხვავებული ფასი, რომელიც ჩვეულ ფასზე დაბალია.
„აგრო დრონების გამოყენება ბევრად მომგებიანია. ტრაქტორის ნაკვეთზე შეშვების შემთხვევაში, ის აზიანებს ნათესების გარკვეულ ნაწილს, აგროდრონის შემთვევაში კი, მისი მართვა ხორციელდება სამართავი პულტის საშუალებით და ისე წამლავს მთელ ტერიტორიას, რომ არც კი ეხება ნათესებს. აგროდრონების გამოყენებით ფერმერს შეუძლია დაზოგოს დრო და ჰქონდეს ნაკლები დანაკარგი.
თუ ხარისხიანია წამალი, რითიც სურს ფერმერს თავისი ნაკვეთის დამუშავება, დრონების დახმარებით ამის 20%-დან 40%-მდე შემცირებაა შესაძლებელი ანუ, ნაკლები დანახარჯით ამუშავებს დასამუშავებელ ფართობს. კომპანიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკვეთის პესტიციდებითა და შხამქიმიკატებით დამუშავების საუკეთესო დრო საღამოს საათებია. დღისით აორთქლება იმდენად დიდია, რომ დანაკარგი მასშტაბურია. აგროდრონების დახმარებით კი, ამ ყველაფრის გაკეთება ღამის საათებში სავსებით შესაძლებელია, რაც ნაკლებ დანაკარგსაც გულისხმობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა.
მისი თქმით, ფერმერებისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე საკუთრივ დრონის შეძენა.
„დრონები საკმაოდ მალე ცვეთადი და მარტივად დაზიანებადია. მისი დეტალები საკმაოდ ძვირია. ერთი დრონის სრულად აღჭურვისათვის (სრული ეკიპირებისთვის) ფერმერს შეიძლება დასჭირდეს 100 000 ლარამდე. კომპანიას მრავალი სახის დრონი აქვს გამოცდილი და ამჟამად DJI-ის agras სერიის დრონებს იყენებენ, რომლებიც ხანგძლივი მუშაობისთვის, მდგრადობით გამოირჩევა.
დრონის ცვეთიდან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზება ფერმერებისთვის უფრო ხელსაყრელია. ფერმერს ჩვენი 5-წლიანი მომსახურება შესაძლოა, უფრო ნაკლები დაუჯდეს, ვიდრე დრონის შეძენა. ასევე, დრონები ყოველთვის უმჯობესდება და გამოდის ახალი მოდელები. ამიტომ, მათ ჩვენთან თანამშრომლობა ურჩევნიათ. ამ ეტაპზე 10 ერთეული დრონი გვაქვს, რაც ბაზრის ამჟამინდელი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სრულებით საკმარისია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მესხმა.
ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის, რუსუდან გიგაშვილის თქმით, აგროდრონები ჩვენს რეალობაში ისევე აქტიურად არ გამოიყენება, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა მსხვილი კომპანიები ამ სერვისს მოიხმარენ.
„აგროდრონები სოფლის მეურნეობაში ჯერჯერობით მინიმალისტურადაა გამოყენებული სერვისის ფასიდან და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ ეტაპზე აგროდრონების გამოყენება ძვირი სიამოვნებაა. კომპანიებმა შეთავაზებები მცირე მეწარმეებსაც უნდა მოარგონ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ძირითადად მრავალწლიან კულტურებზე იყენებენ მსხვილი ფერმერები ამ მომსახურებას“, - ამბობს გიგაშვილი.
მისივე თქმით, აგრო დრონების გამოყენების მაჩვენებელი ცნობადობის საკითხთანაცაა დაკავშირებული. გიგაშვილის აზრით, კომპანიების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს ამ მიმართულებით, კარგი დამარწმუნებელი პოლიტიკაა გასატარებელი, რათა მიზნობრივ აუდიტორიას მიეწოდონ სერვისის უპირატესობებზე ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, საქართველოში ფერმერებისთვის მოქმედებს შეღავათიანი აგროკრედიტი, 2022 წლის 28 ნოემბრიდან კი ამ პროქტში ცვლილებები შევიდა და ფერმერებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა თანამედროვე ტექნოლგიები. ცვლილების შედეგად, შეღავათიანი აგროსესხით ფერმერებს შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დრონებისა და მეტეოსადგურების შეძენა.
ცვლილების თანახმა, 48 თვის განმავლობაში, სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს სესხს, წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე იქნება. ანალოგიური პირობაა მეტეოსადგურების მოწყობის
შემთხვევაშიც. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ნაკლები დანახარჯების გაწევით მეტი შედეგის მიღწევა გახდეს შესაძლებელი რაოდენობრივი და ხარიხობრივი კუთხით.
იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა მეტად მომგებიანი გახდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა, რის გარეშეც სასურველი შედეგის მიღწევა ძლიან რთულია. თანადაფინანსების გრანტები კი წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
ავტორი: ბაჩო საჯაია