არგენტინის ახალი პრეზიდენტი ოფიციალურ ვალუტად დოლარის შემოღებას აანონსებს და ცენტრალური ბანკის გადაწვით იმუქრება

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 56%-ზე მეტი ხმით მოულოდნელად გამარჯვებული, ულტრამემარჯვენე, ხავიერ მილეი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს დაწვით ემუქრება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კერძოდ, ის აცხადებს, რომ არგენტინამ „აშშ დოლარის სასარგებლოდ ავადმყოფ პესოზე“ უარი უნდა თქვას, ხოლო „ინფლაციის კიბოს“ დასასრულებლად ცენტრალური ბანკი გადაიწვას. მის სიტყვებს ქვეყნის ოფიციალურ ვალუტად აშშ დოლარის შემოღების შესახებ მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ, თუმცა ბევრი ეკონომისტი ფინანსურ კატასტროფაზე საუბრობდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მილეი, ასევე, არგენტინის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, ჩინეთთან და ბრაზილიასთან კავშირის გაწყვეტის პირობას დებდა. ამასთან, ის უარყოფს, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანის აქტივობით არის გამოწვეული.

მართალია, მეორე ტურის წინ ხავიერ მილეიმ რიტორიკა ოდნაც შეარბილა, რომ უფრო ზომიერი ამომრჩეველი მიეზიდა, მაგრამ კამპანიის დასაწყისში ის სცენაზე დაქოქილი ბენზოხერხით ავიდა, რაც ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად მისი რადიკალური ცვლილებების სიმბოლიზირებას წარმოადგენდა.

BBC-ის შეფასებით, „ქვეყანაში, სადაც ამჟამად წლიური ინფლაცია 140%-ს აჭარბებს და ხუთიდან ორი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ხავიერ მილეის გამარჯვება ადასტურებს, რომ არგენტინელებს ტრადიციული პოლიტიკა, ეკონომიკური კატასტროფები მობეზრდათ და მზად არიან, თავიანთი ცხოვრების გასაუმჯობესებლად რაღაც ახალი სცადონ.“

მილეის კონკურენტი მეორე ტურში ეკონომიკის მინისტრი, სერხიო მასა იყო, რომელმაც დამარცხება აღიარა და ახალ ლიდერს წარმატება უსურვა.

53 წლის TikTok-ის ვარსკვლავს, მუსიკოსს, ეკონომისტსა და ტელეწამყვანს აჩეჩილი თმითა და ხშირი ბაკენბარდებით მისი მკვეთრი სტილისა და რადიკალური განცხადებების გამო აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადარებენ. თავად ტრამპმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

„მეტად ვამაყობ შენით. შენ შემოაბრუნებ არგენტინას და ნამდვილად აქცევ მას დიდებულ ქვეყნად,“ - აცხადებს ტრამპი.

არგენტინის ახალი პრეზიდენტი მუშაობას 10 დეკემბრიდან შეუდგება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ