Amazon-ი ამერიკაში ავტომობილების ონლაინ გაყიდვას იწყებს

Amazon-ს ყოველთვის სურდა, რომ გამხდარიყო „ყველაფრის მაღაზია“ და სწორედ ამ ამბიციის კვალდაკვალ, კომპანია მომავალი წლიდან მანქანების ონლაინ გაყიდვას დაიწყებს.

როგორც BBC წერს, Amazon.com, Inc, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მანქანების მასობრივ გაყიდვას 2024 წლიდან დაიწყებს. Amazon-მა, გასულ კვირას ლოს-ანჯელესში გამართულ ავტოშოუზე განაცხადა, რომ სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კომპანია Hyundai იქნება პირველი ბრენდი, რომლის მანქანებიც საიტზე გაიყიდება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Hyundai ძალიან ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპანიაა, რომელიც სრულად იზიარებს Amazon-ის ხედვას და საქმეს დიდი ენთუზიაზმით ეკიდება, ვინაიდან იგი ცდილობს, რომ ყოველდღიურად გააუმჯობესოს და გაუადვილოს მომხმარებელს ცხოვრება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ Amazon-ზე მათ რეგიონში ხელმისაწვდომი მანქანები მოიძიოს, გააკეთოს არჩევანი მოდელის, ფერისა და მახასიათებლების მიხედვით, ხოლო შემდგომ უშუალოდ მოახდინოს სასურველი ავტომობილის შესყიდვა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი მანქანის ყიდვას შეძლებს როგორც თანხის სრულად გადახდის, ისე ავტო ლიზინგის მეშვეობით. ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, მყიდველები დილერებს დაუკავშირდებიან და ხელშეკრულებას ვებ-გვერდზე განახორციელებენ, ხოლო ამის შემდეგ, მოკლე დროში შერჩეულ ავტომობილს და ყველა საჭირო დოკუმენტაციას მიიღებენ.

ავტორი: ბაჩანა ტყემალაძე