Bull Run-ის დასაწყისი?! – Bitcoin-ის ფასი ზრდას განაგრძობს

ბიტკოინი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტაა, რომლის ფასმაც, 2023 წელს 125%-ით მოიმატა. ჯერ კიდევ გასული კვირის ოთხშაბათს მისი ფასი 5.3%-ით, 37 978 დოლარამდე გაიზარდა.

ამგვარი წარმატების მიუხედავად, ბიტკოინი ჯერ კიდევ შორსაა იმ საინვესტიციო ციებ-ცხელებისგან, რომელიც 2021 წელს მიმდინარეობდა და რომლის დროსაც, კრიპტოვალუტის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე, 68 789.63 დოლარამდე გაიზარდა.

მთლიანობაში კრიპტობაზარი სტაბილურდება და ნეიტრალურობის გზას ადგას. Bitcoin-თან ერთად, მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირმა კრიპტოვალუტამ, Etherium-მაც გამოავლინა „გამოჯანმრთელების“ ნიშნები და 2000-დოლარიან ნიშნულს გასცდა.

ზოგადად, მიუხედავად ამჟამინდელი სტაბილური ტენდენციისა, ჯამში კრიპტოვალუტის ბაზარი არასტაბილურია და ეს უმეტესად მაშინ ვლინდება, როდესაც საქმე აშშ-ს ფედერალური ბანკის განცხადებებს ეხება. კრიპტო ექსპერტთა თქმით, ნებისმიერი სახის განცხადებამ შეიძლება უდიდესი გავლენა მოახდინოს როგორც კრიპტოსა და აქციებზე, ისე სხვა სავაჭრო ბაზარზე.

ნოემბრის დასაწყისში ბაზარზე გავლენა რამდენიმე დადებითმა მოვლენამ იქონია. მაგალითად, დაიძლია ინფლაცია და აშშ-ში დოლარის ინდექსი შესუსტდა, რამაც საერთო განწყობები კიდევ უფრო გააძლიერა.

აღსანიშნავია Bitcoin-ის ტრანზაქციის საკომისიოს რეკორდული ზრდაც. მან 1000%-იანი ზრდა განიცადა და 16 ნოემბერს 18.67 დოლარიან ნიშნულს მიაღწია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეს ზრდა ასახავს აშშ-ში Bitcoin-ის მიმართ არსებულ მზარდ ინტერესსა და ოპტიმისტურ განწყობებს. აგრეთვე ძალიან აქტუალურია Bitcoin-ის ბირჟაზე გაცვლითი სავაჭრო ფონდის, ETF-ს საკითხი, რომელიც შესაძლოა, მალე ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ETF არის ფონდის ის ტიპი, რომელიც ძალიან ბევრ აქტივს ფლობს და იგი შესაძლებელია შეიცავდეს ინვესტიციების ისეთ ტიპებს, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები, საქონელი, საინვესტიციო ტიპების ნაზავი და სხვა. ახალ კი შესაძლოა, რომ ამ სიას კრიპტო ვალუტაც დაემატოს.

ზოგადად, ETF კრიპტოში ნამდვილ რევოლუციას მოახდენს, ვინაიდან ამჟამად, კრიპტო, ინვესტორთა იმ 20%-მა იყიდა, რომლებიც ინტერესდებიან საცალო დამოუკიდებელი ინვესტიციებით.

Cryptonews.net-ის ინფორმაციით, Bitcoin-მა 40 000 დოლარამდე ზრდა შესაძლოა, იმ შემთხვევაში განაგრძოს, თუ ის გასცდება 37 350-38 000-დოლარიან ზღვარს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ BTC ვერ მოახერხებს კიდევ ერთხელ დაძლიოს 37 350 დოლარიანი წინააღმდეგობის ზონა, მისი ფასი შესაძლოა კიდევ ერთხელ დაეცეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Bitcoin-ის ფასი უკვე 38 000 დოლარის მიჯნაზეა, გამორიცხული არაა, რომ მალე მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კრიტპოვალუტის ფასმა 40 000 დოლარსაც მიაღწიოს.

ავტორი - ბაჩანა ტყემალაძე