საქართველოში ფქვილის იმპორტი მცირდება - რუსეთი კი წელს,  მთელს მსოფლიოში მილიონ ტონაზე მეტი ფქვილის ექსპორტს გეგმავს

საქართველოში ფქვილის იმპორტი ისევ შემცირდა. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 30.3 მლნ აშშ დოლარის 109 747 ტონა ფქვილი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 49.05 მლნ აშშ დოლარის 132 022 ტონა ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პროდუქციის უდიდესი წილი 107 968 ტონა წელს რუსეთისგან შეიძინა.

ფქვილის იმპორტის უმთავრესი მიზეზი, 12 ივნისს საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესებაა. სწორედ ეს იყო სამინისტროს მიერ რეგულაციის დაწესების საფუძველი. რომლის ვადაც ოქტომბერში იწურებოდა, თუმცა სახელმწიფომ ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ნორმების ამოქმედებას, რაც მათი თქმით, ფქვილის იმპორტს ისეთ ჩარჩოს შეუქმნიდა, რომ კონკურენციის თანაბარი პირობები ყოფილიყო.

მაშინ, როდესაც საქართველოში ფქვილის იმპორტი მცირდება, რუსეთი, რომელიც ჩვენთვის მთავარი იმპორტიორია, წელს, ისტორიაში პირველად, მილიონ ტონაზე მეტი ფქვილის ექსპორტს შეძლებს. ამის შესახებ ფქვილისა და მარცვლეულის მწარმოებელთა კავშირის პრეზიდენტმა, იგორ სვირიდენკომ განაცხადა, რასაც Finmarket ავრცელებს. მისი თქმით, გასულ წელს ფქვილის მწარმოებლებმა ექსპორტი 350%-ით გაზარდეს, ხოლო წლევანდელი ექსპორტი ამ რეკორდულ შედეგსაც კი უსწრებს.

იხილეთ ასევე: დღეიდან ფქვილზე, ქატოსა და ქერზე ახალი საიმპორტო საფასური შევიდა ძალაში

რუსეთი ექსპორტზე მილიონ ტონაზე მეტ ფქვილს პირველად გაიტანს

თამარ მუკბანიანი