იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 25,172 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის 10 თვის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია. ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში წერია.
იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან 76% ბთჯ-ის მილსადენით გადაიქაჩა.
უწყების ცნობით, იანვარ-ოქტომბერში ბთჯ-ით გადაზიდული მთლიანი ნავთობის 83% ანუ 20,902 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობია, რაც, წინა წლის ათთვიან პერიოდთან შედარებით, 2,98%-ით მეტია.
ამასთან, ბთჯ-ით ტრანსპორტირებულმა ყაზახეთისა და თურქმენეთის ტრანზიტული ნავთობის წილმა მთლიანი მოცულობის 17%, ანუ 4,270 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდზე 3,4% -ით მეტია.
2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ წინა წელზე 12,6%-ით მეტი, ანუ 29,749 მლნ ტონა შეადგინა. მათ შორის 5,103 მლნ ტონა, ანუ 41,8%-ით მეტი სატრანზიტო ნავთობი იყო.
ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.
მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.
BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).
მოამზადა ლადო სულაბერიძემ