თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მომუშავე მუშები გაფიცვას 20 მაისამდე გააგრძელებენ

გაეზრდებათ თუ არა ხელფასი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მომუშავე მუშებს, 29 მაისს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მუშებთან შეხვედრის შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიის მენეჯერის მოადგილემ, გურამ ვახტანგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაოების დამკვეთი - მუნიციპალური განვითარების ფონდი.

როგორც ვახტანგაშვილმა აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენელი დღეს შეხვდება მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს და გადაწყდება ხელფასის ოდენობის საკითხი.  თავად მუშების განცხადებით კი, 20 მაისამდე გააგრძელებენ გაფიცვას და შესაბამისად, მაგისტრალის მშენებლობა შეჩერდა.  როგორც მუშები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ, დღიური ხელფასი 21 ლარიდან გაიზარდოს 30 ლარამდე. "მოვითხოვთ, რომ ხელფასი გაიზარდოს და დღიური გახდეს მინიმუმ 30 ლარი. დოლარის ფასის მატების შემდეგ, ხელფასი არაფერში აღარ გვყოფნის, გვაქვს საბანკო ვალდებულებები დოლარში, გვყავს მრავალშვილიანი ოჯახები, გაძვირდა ყველაფერი და ეს ხელფასი არაფერში აღარ გვყოფნის. მოვითხოვთ, რომ ხელფასი გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვას გავაგრძელებთ, - განაცხადეს მუშებმა.