პროგრამული ბიუჯეტი სისტემურ ნაკლოვანებებს შეიცავს - აუდიტი

პროგრამული ბიუჯეტი სისტემურ ნაკლოვანებებს შეიცავს - ეს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე II წარდგინებასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, კანონპროექტი ნაწილობრივ ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის მიერ პირველი წარდგენის ბიუჯეტზე გაცემულ რეკომენდაციებს, რომლებიც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის გაუმჯობესებას ეხება, თუმცა პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება.

მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება.

უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ პროგრამულ ბიუჯეტში ნათლად უნდა იყოს განმარტებული, თუ რატომ ახორციელებს სახელმწიფო კონკრეტულ პროგრამას, რომელი უწყება/უწყებები არის მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი, ასევე რა შედეგების მიღწევა არის მოსალოდნელი. თუკი კონკრეტული პროგრამა ქვეპროგრამებისგან შედგება, ბიუჯეტში შესაბამისი ინფორმაციაც უნდა იყოს მოცემული.

"საყურადღებოა, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანართში არ განხორციელებულა იმ პროგრამების/ქვეპროგრამების შუალედური შედეგებისა და ინდიკატორების მიზნობრივი მაჩვენებლების კორექტირება, რომელთაც კანონპროექტის გადამუშავებული ვერსიით შეეცვალათ დაფინანსება.

საყურადღებოა, რომ სახელმწიფო საწარმოთა აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსების წყარო ვალდებულებებია, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა;

კანონპროექტზე თანდართულ „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილა ინფორმაცია სახელმწიფო საწარმოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ არ მოიცავს „სხვა ხარჯების“ მუხლიდან მიღებული დაფინანსების შესახებ მონაცემებს;

ასევე, სახელმწიფო მმართველობის სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოები და სახელმწიფო კორპორაციები განსხვავებული ფორმით წარმოქმნიან ფისკალურ რისკებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში ერთმანეთისგან გამიჯნულად იქნეს გაანალიზებული საწარმოთა ამ ორი ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლები;

აუდიტი, სახელმწიფოს აძლევს რეკომენდაციას, მთავრობის ვალთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკ-ფაქტორების სრულფასოვანი ანალიზის მიზნით, მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი“ მოამზადოს IMF-ისა და WB-ის განახლებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

თამარ მუკბანიანი