71-მეტრიანი Victoria - გამომძიებელმა ჟურნალისტებმა პუტინის 50 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების იახტას მიაგნეს

პუტინი, მინიმუმ, ცხრა ძვირადღირებულ იახტას ფლობს. მათ შორის არის 71-მეტრიანი Victoria, რომლის ღირებულებაც 50,1 მლნ დოლარია. ამის შესახებ პროექტ „დოსიეს“ საგამოძიებო მასალაში წერია.

იახტა Victoria-ს აგება 2005 წელს თავდაცვის ქარხანა „სევმაშში” დაიწყო და 14 წლის განმავლობაში შენდებოდა. 2013 წელს გემის კორპუსი წყალში ჩაუშვეს და იტალიაში, გემთმშენებელი კომპანია ISA Yachts-ის ვერფში გაგზავნეს. იახტის მშენებლობა თურქულმა კომპანია AES Yachts-მა დაასრულა.

„დოსიეს“ წყაროს ცნობით, იახტის მშენებლობა ოლიგარქ სერგეი მასლოვმა თავისი ოფშორული კომპანია Julesburg Corp-ის მეშვეობით დააფინანსა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არის დარეგისტრირებული. თავად მასლოვი Surgutneftegaz-ში, Lukoil-სა და Transnefteproduct-ში მუშაობდა, ასევე, „განვითარების კორპორაციას“ ხელმძღვანელობდა. ერთ დროს ის ევგენი პრიგოჟინთან ერთად სირიაში რუსული არმიისთვის სამხედრო ტვირთისა და აღჭურვილობის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობდა.

თუმცა, „დოსიეს“ მიხედვით, მასლოვს იახტის მშენებლობისთვის სესხს გენადი ტიმჩენკოს სტრუქტურები აძლევდნენ. ამჟამად იახტის მფლობელი კომპანია „პაერი,“ მმართველი კი კომპანია „ფაზარ-ინვესტია.“ ორივე მათგანი ტიმჩენკოს სტრუქტურებში შედის.

iaxta-1700563927.jpg

როგორ წესი, Victoria სოჭში დგას და პერიოდულად კონცხ იდოკოპასში დაცურავს, სადაც პუტინის სასახლე მდებარეობს. თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან გემი სტამბოლში, გემთმშენებელი კომპანია Desan-ის ვერფში იმყოფება. ეს კომპანია არა მხოლოდ სამოქალაქო დაკვეთებს ასრულებს, არამედ NATO-ს ხომალდებსაც აშენებს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიდუმლო დოკუმენტაციაზეც მიუწვდება ხელი.

მართალია, არ არსებობს პირდაპირი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ იახტა პუტინის საკუთრებაა, მაგრამ გამომძიებელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ რამდენიმე ფაქტს მის მიერ ამ გემის გამოყენების შესახებ. კერძოდ, ეკიპაჟი სპეციალურად არის შერჩეული, გემის მარშრუტი პუტინის სასახლეს გადის, ხოლო იახტის ოფიციალური მფლობელი მისი გარემოცვის წევრია. ამასთან, Victoria-ს იგივე აგენტი ჰყავს, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულ იახტა Scheherazade-ს („შეჰერეზადეს“) ემსახურება. 140 მეტრ სიგრძის, 700 მლნ დოლარის მეგაიახტა, Scheherazade 2022 წლის მაისის დასაწყისში იტალიაში დააკავეს და მის მფლობელადაც პუტინს მოიაზრებენ.

კერძოდ, გასული წლის სექტემბერში „დოსიე“ წერდა, რომ Scheherazade პუტინს რუსმა ოლიგარქებმა საახალწლოდ აჩუქეს. იახტის მშენებლობა 583 მლნ ევრო დაჯდა. გამოცემის ცნობით, იახტისთვის ფული იმავე მილიარდერმა, გენადი ტიმჩენკომ შეაგროვა. Scheherazade რომ შესაძლოა, პუტინს ეკუთვნოდეს, ამის შესახებ პოლიტპატიმარ ალექსეი ნავალნის გუნდიც წერს. მათი ცნობით, იახტის ეკიპაჟის სიაში მყოფი ადამიანების უმეტესობა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი საპრეზიდენტო რეზიდენციებში და მეორე იახტა Graceful-ზეც მუშაობდა, რომელსაც, ასევე, პუტინს უკავშირებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ